განათლების და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით სამინისტროში კერძო სექტორის მხრიდან ძალიან ბევრი განაცხადი შედის. ამის შესახებ მან დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრი მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ კერძო სექტორის დაინტერესება ძალიან დიდია.
„ძალიან ბევრი წინადადება მივიღეთ, სექტორები დაიდენტიფიცირებული გვაქვს, საუბარია რვა სექტორზე. უამრავი განაცხადი შემოგვდის. წელს ვიწყებთ მათ დამუშავებას. ველოდებით ბიუჯეტის დამტკიცებას და შემდეგი წლიდან დაიწყება აქტიური მუშაობა ე.წ. კერძო საჯარო პარტნიორობის. ძალიან დიდია კერძო სექტორის დაინტერესება და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. თითოეულ მიღებულ გადაწყვეტას გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ამილახვარმა.
სახელმწიფო კერძო სექტორს პროფესიული განათლების ხელშეწყობაში თანამშრომლობას სთავაზობს. ბიზნესს პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვაში ჩართულობისკენ გიორგი ამილახვარმაც მოუწოდა და თქვა, რომ სამინისტროს კარი 15 ნოემბრიდან ღია იქნება.
2025 წლიდან პროფესიული სასწავლებლები დაფინანსების ახალ მოდელზე გადავლენ - მინისტრი