მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორის პროგრესი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში

კერძო სექტორის პროგრესი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში
10.06.24 17:23
310

EY Georgia-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულება საკონსულტაციო, მათ შორის, იურიდიული და საგადასახადო მომსახურებაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი უკეთესი სამუშაო სამყაროს შექმნაა. უკეთეს სამუშაო სამყაროდ კი მიაჩნიათ ის, სადაც ეკონომიკური ზრდა მდგრადი და ინკლუზიურია.

EY Georgia-ს მულტიდისციპლინური გუნდები პერმანენტულად მუშაობენ კომპანიის ყველა სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და თავიანთი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების დადებითი ცვლილებებისთვის გამოსაყენებლად.

EY-მ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით, ჩაატარა კვლევა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში კერძო სექტორის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ 2015 წლიდან დღემდე. კვლევა გლობალურად, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი საქართველოში კერძო სექტორის კონტრიბუციისა და პროგრესის შესაფასებლად. კვლევის შედეგად, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მაჩვენებლით, საქართველო 42-ე ადგილს იკავებს 166 ქვეყანას შორის.

კვლევის შედეგების მიხედვით კერძო სექტორი აუცილებლობად მიიჩნევს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის წარმოებას არამარტო კერძო სექტორისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში იშვიათად არის ინტეგრირებული კომპანიების სტრატეგიებსა და პოლიტიკებში. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რას ითხოვს კერძო სექტორი, ნომერ პირველი პრიორიტეტი მთავრობის ჩართულობა და დახმარებაა.

კვლევის შესახებ EY Georgia-ს მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი და EY Georgia-ს სახელმწიფო და საჯარო პრაქტიკის ხელმძღვანელი ნინო ესაკია საუბრობენ.

როგორია კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თქვენი როგორც წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის და, ამასთან, გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიის დაკვირვება 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროგრესის შესახებ?

მსოფლიომ საკმაოდ ამბიციური მიზნები დაისახა 2030 წლამდე შესასრულებლად. უკვე დროის ნახევარი გავიდა, შესაბამისად, გვაქვს საშუალება შევაფასოთ ის პროგრესი, რაც დღემდე გვაქვს. კვლევის დროს, საქართველოსთან ერთად, ჩვენ ასევე მოვიძიეთ მსოფლიო მონაცემები. კვლევა გლობალურად, მათ შორის საქართველოშიც ჩატარდა და შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ მრავალ ქვეყანას, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებსაც, ზოგიერთი მიზნის შესრულებაში ვჯობივართ. გლობალურად, საქართველო 42-ე ადგილს იკავებს 166 ქვეყანას შორის. ქვეყანას უკვე მიღწეული აქვს მეოთხე მიზნისთვის (SDG 4) და პროგრესს აჩვენებს ოთხ მიზანთან მიმართებით: SDG 1 - არა სიღარიბეს, SDG 6 - სუფთა წყალი და სანიტარია, SDG 7 - ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია და SDG 13 - კლიმატის მდგრადობის მიღწევა. თუმცა, დანარჩენი 12 მიზნის მიმართ სტაგნაციას განვიცდით. აუცილებელია აღვნიშნოთ კოვიდ პანდემიისა და რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარების გავლენა მიზნების შესრულებაზე.

აშკარაა, რომ პროგრესი შეფერხდა, მსოფლიომ (მათ შორის საქართველომ) ინერცია დაკარგა და 2030 წლისთვის 17 მიზნის შესრულება ბევრად უფრო ამბიციურ გამოწვევად გვესახება, ვიდრე მანამდე. თუმცა, დრო დარჩა იმისთვის, რომ ძალები მოვიკრიბოთ, პასუხისმგებლობა გავიზიაროთ და მეჩვიდმეტე მიზნის თანახმად, პარტნიორობის მეშვეობით კერძო და საჯარო სექტორი გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ერთად უზრუნველვყოთ სამყაროს კეთილდღეობა.

გვიამბეთ უშუალოდ კვლევის შესახებ - როგორი იყო მისი მომზადების პროცესი, რა იყო კვლევის მთავარი მიზანი და რა მეთოდოლოგია გამოიყენეთ? რამდენად ჩართული იყო ამ პროცესში სხვადასხვა სტეიკჰოლდერი?

SDG Stock Take Survey გახლავთ უნიკალური კვლევა, პირველი პრეცედენტი კერძო სექტორის კონტრიბუციისა და პროგრესის შესაფასებლად საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ საქართველო არის პიონერი ქვეყანა რამდენიმე დასავლურ ქვეყანასთან ერთად, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო შეგვეფასებინა კერძო სექტორის პროგრესი 2015 წლიდან დღემდე და დაგვედგინა, თუ როგორ შეიძლება პროგრესის დაჩქარება 2030 წლისთვის. ჩავატარეთ რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფარგლებშიც დავუკავშირდით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ ასობით ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, ასევე ათობით ბიზნეს ლიდერთან ჩავატარეთ სიღრმისეული ინტერვიუ, მათ შორის გამოვიკითხეთ საქართველოში წამყვანი ბიზნეს ასოციაციები, ინვესტორთა საბჭო, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და საქართველოს მთავრობის მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო. მათ გაგვიზიარეს SDG-ების მიმართ თავიანთი პერსპექტივები, ცნობიერების დონე, არსებული პრაქტიკები კომპანიის, ინდუსტრიისა და კერძო სექტორის დონეზე, ის გამოწვევები, რასაც აწყდებიან მიზნების მიღწევის გზაზე და მათი ხედვები, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდისა და პროგრესის დაჩქარებისთვის საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. საბედნიეროდ, მსხვილი კომპანიები, განსაკუთრებით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრები, მოხარულნი იყვნენ, რომ ქვეყნის დონეზე ასეთი კვლევა ტარდებოდა, მიიღეს მონაწილეობა და გამოთქვეს სურვილი სამომავლოდ ასეთი აქტივობების გახშირებისთვის. კვლევამ დაგვანახა, რომ საქართველოს კერძო სექტორი არის მოტივირებული, რომ თავის წვლილი შეიტანოს მიზნების შესრულებაში, მათ უბრალოდ ესაჭიროებათ მიმართულების მიცემა, რათა ეფექტიანად მოახდინონ ძალების მობილიზება და პროცესში მაქსიმალური ჩართვა. ჩვენ ასევე შევაფასეთ, ზოგადად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე საქართველოს პროგრესი დღემდე, განსაკუთრებული აქცენტით კერძო სექტორზე. აშკარაა, რომ კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და თავისი ინიციატივით კონტრიბუცია შეაქვს ამ პროცესში.

რა იყო კვლევის მთავარი მიგნებები? მათ შორის, თუ იყო ისეთი მიგნებაც, რომელმაც თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია?

ყველაზე თვალშისაცემი მიგნება, რაც სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელი იყო, გახლავთ კერძო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ ცნობიერების დაბალი დონე.

ზოგადად ბიზნეს ლიდერებმა იციან მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, თუმცა მიზნების არსი გათვითცნობიერებული ძალიან ცოტას აქვს. მაგალითად, საკვები ინდუსტრიის კომპანიების 57%-მა განაცხადა, რომ ჰქონდათ მაღალი ცნობიერების დონე მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც ვთხოვეთ დაესახელებინათ მათი კომპანიისთვის რელევანტური მიზნები, მხოლოდ 3%-მა დაასახელა SDG 2 – არა შიმშილს. შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნები იშვიათად არის ინტეგრირებული კომპანიების სტრატეგიებსა და პოლიტიკებში და, ამდენად, არც პროგრესის გაზომვა ხდება. ის პროგრესი, რაც კერძო სექტორის კონტრიბუციას წარმოადგენს, არის ინდივიდუალური ბიზნეს ლიდერების კორპორაციული პასუხისმგებლობის დამსახურება და ის, რომ მათი მდგრადი ქმედებები ბუნებრივად შეესაბამება კონკრეტულ მიზნებს, თუმცა მიზნების მისაღწევად გამიზნულ ქმედებებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია აწარმოებს. რაც შეეხება გამოწვევებს, ნომერ პირველი გამოწვევა არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობა, კერძო სექტორი არ საუბრობს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა წახალისების ნაკლებობა, კერძო სექტორი ვერ ხედავს მოგებას (გარდა სოციალური ბენეფიტისა) მიზნების შესრულების ჩართვაში. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რას ითხოვს კერძო სექტორი, ნომერ პირველი პრიორიტეტი გახლავთ მთავრობის ჩართულობა და დახმარება.

ჩვენ ვთხოვეთ კომპანიებს დაესახელებინათ თუ რომელი მიზნები იქნებოდა მათთვის რელევანტური და სურათი პრიორიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება. SDG5, SDG8 და SDG4 ეს ქართული კერძო სექტორისთვის ყველაზე რელევანტური მიზნებია.

რას დაასახელებდით მთავარ მიღწევად და ასევე, მთავარ გამოწვევად კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში?

საქართველოს კერძო სექტორის მთავარი მიღწევა არის ის მზაობა, რომელიც ბიზნეს ლიდერებმა გამოხატეს მიზნების შესრულების პროცესში ჩართვის მიმართ. ნამდვილად მოულოდნელი იყო ის მონდომება, რომელიც კერძო სექტორმა გამოხატა. კერძო სექტორი მნიშვნელოვანი რესურსია, თუმცა ქვეყანა მას მაქსიმალურად არ იყენებს. მთავარი გამოწვევა კომუნიკაციისა და პარტნიორობის ნაკლებობაა. კერძო სექტორი ითხოვს ჩამოყალიბდეს საჯარო-კერძო პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, კერძო სექტორი შეძლებს რეგულარულ რეჟიმში შეხვდეს და გაესაუბროს მთავრობას და მასთან ერთად ჩამოაყალიბოს საქართველოში ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესს, წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

როგორ აფასებთ კერძო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად განხორციელებული ქმედებებისა და ინიციატივების შედეგებს? გამოიყენეთ თუ არა გაზომვადი ინდიკატორები ამ შედეგების შესაფასებლად?

ცნობილია, რომ მდგრადი განვითარების ყველა მიზანს აქვს კონკრეტული ინდიკატორები, რათა მათი მიღწევა იყოს გაზომვადი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროგრესი იშვიათად ითვალისწინებს კერძო სექტორის კონტრიბუციას და იგი ძირითადად ეფუძნება საჯარო სექტორის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. შესაბამისად, ჩვენ შევეცადეთ მოგვეკვლია და გვეჩვენებინა ის პროგრესი, რასაც კერძო სექტორმა მიაღჭია 2015 წლიდან მოყოლებული. თუმცა, თავად კერძო სექტორმა აღნიშნა, რომ მათ არ გააჩნიათ საზომი სახელმძღვანელო, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის პროგრესის გაზომვის დროს კერძო სექტორის კონტრიბუცია იყოს ინტეგრირებული.

რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ კერძო სექტორს ამ კვლევის საფუძველზე და რამდენად შეიძლება კვლევის მიგნებებმა ზეგავლენა მოახდინოს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების სამომავლო პოლიტიკასა და ქმედებებზე?

კერძო სექტორის მიერ დასახელებული გამოწვევები და, შესაბამისად, ეროვნულ დონეზე პოლიტიკის ქმედებები და რეკომენდაციები ფოკუსირებულია 6 პრიორიტეტული თემის ირგვლივ: ცნობიერების, უნარების განვითარება, საჯარო-კერძო პარტნიორობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, წამახალისებელი ინსტრუმენტები და გავლენის გაზომვის სახელმძღვანელო.

უპირველეს ყოვლისა, კერძო სექტორი ითხოვს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის წარმოებას, არამარტო კერძო სექტორისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ასევე იმას, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრის სიმწირის საპასუხოდ, მთავრობამ მხარი დაუჭიროს საგანმანათლებლო გადასამზადებელი პროგრამებს მდგრადი და მწვანე უნარების გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ამისთვის არ კმარა მხოლოდ კერძო სექტორის ან საჯარო სექტორის ცალკეული ძალისხმევა ამ კუთხით, საჭიროა საჯარო-კერძო პარტნიორობის მდგრადი პლატფორმის ჩამოყალიბება, კერძო სექტორის პრაქტიული ჩართვის უზრუნველსაყოფად. აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობა პოლიტიკის ფორმირების პროცესში, მათი პერსპექტივების გათვალისწინება და ინოვაციების გამოყენება.

ამავდროულად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად კერძო სექტორი ასახელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. კერძო სექტორის ხელშესაწყობად, მთავრობას შეუძლია გრანტების ან/და საშეღავათო საკრედიტო/საგარანტიო სქემების შეთავაზება იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მდგრადობის აქტივობებში ერთვებიან. საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ იაფფასიანი სესხების შეთავაზება მდგრადი კომპანიებისთვის. ხოლო თავად კომპანიებს შეუძლიათ მწვანე ან მდგრადი ბონდების გამოშვება ისეთი ინვესტორების მოსაზიდად, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრადობის ინიციატივებს.

ასევე გამოიკვეთა წამახალისებელი ინსტრუმენტების არსებობის საჭიროება. კერძო სექტორისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ძალისხმევის ჩადება უნდა იყოს საინტერესო და მოგებიანი, შესაბამისად, საჭიროა მათი სხვადასხვა ფორმით წახალისება. მთავრობის მხრიდან ეს შეიძლება მოიცავდეს შეღავათიან გადასახადებს, წამახალისებელ შესყიდვების პოლიტიკას და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას, რათა მათ გაზარდონ მოთხოვნა მდგრად პროდუქტებსა და კომპანიებზე.

დაბოლოს, გამოწვევა, რომელიც აბრკოლებს კერძო სექტორს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, არის ზეგავლენის გაზომვის სახელმძღვანელოს არარსებობა. შესაბამისად, საჭიროა, რომ ეროვნულ დონეზე ჩამოყალიბდეს სახელმძღვანელო მეთოდოლოგია/ჩარჩო, რომელიც ბიზნესს მითითებებს მისცემს, თუ როგორ გაზომოს მდგრადობაზე თავისი ზეგავლენა. მთავრობას შეუძლია კერძო სექტორი უზრუნველყოს უნარების განვითარების ტრენინგებითა და რესურსებით, რათა გააცნოს მდგრადობის გაზომვის საუკეთესო პრაქტიკები. მდგრადობის მონაცემები ასევე შეიძლება იყოს ინტეგრირებული ყოველწლიურ სავალდებულო სტატისტიკურ ანგარიშგებაში.

სტატია მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT (იანვარი-მარტი, 2024)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები