კერძო სკოლა „აკადემოსი“ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გრანტებს აცხადებს. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, გლობალური გამოწვევის პერიოდში ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს სასურველი განათლების მისაღებად პრობლემა შეექმნა, ამის გათვალისწინებით, სკოლამ გადაწყვიტა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ორიენტირებული არიან სწავლაზე და გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, მაგრამ არ აქვთ სწავლის მისაღებად საჭირო რესურსი (ინტერნეტი, ტექნიკური საშუალებები, ფინანსური საშუალება) „აკადემოსი“ აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ხარისხიანი განათლება დაფინანსებით.
„ვიცით, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა განათლების სფერო, განსაკუთრებით სკოლები და მოსწავლეები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ხარისხიან და სრულფასოვან განათლებაზე წვდომა აღარ ჰქონდათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დავეხმაროთ მონდომებულ და შრომისმოყვარე მოსწავლეებს და შევთავაზოთ მათ გრანტები“, - ამბობს სკოლა „აკადემოსის“ დირექტორი თამარ ჩანტლაძე.
სკოლა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიღებას და დაფინანსებას 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს. მოსწავლეებს ტესტირების გზით შეარჩევენ. შერჩეულებს სკოლა 100%, 70%, 50%-გრანტით დააფინანსებს.
„დიდი იმედი გვაქვს, ამ პროექტით ბევრ მოტივირებულ მოსწავლეს დავეხმარებით. განათლებული მომავალი თაობა ძლიერი და განვითარებული ქვეყნის საწინდარია“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.
ცნობისთვის, კერძო სკოლა „აკადემოსი“ 1999 წლიდან მოქმედებს.




























