მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშობლები თავისუფალ ადგილს ეძებდნენ, რაც შეუძლებელი იყო" - კერძო სკოლები მაღალ მოთხოვნაზე

64b269af23498
მარიამ იზორია
15.07.23 14:33
1753
საქართველოში კერძო სკოლებზე მოთხოვნა ყოვეწლიურად მზარდია. კერძო სკოლების ნაწილმა მაღალი მომართვიანობის გამო, რეგისტრაციის პროცესი უკვე დაასრულა, ნაწილმა კი გაზრდილი ნაკადის შესაბამისად, გაფართოების გადაწყვეტილებაც მიიღო, რადგან ვაკანტური ადგილები რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე შეივსო.

კერძო სკოლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოთხოვნა იზრდება იმ სასწავლო პროგრამების, ინფრასტქრუქტურისა და სხვა ბენეფიტების გამო, რომელსაც ისინი მოსწავლეებს სთავაზობენ.

„გიმნაზია შავნაბადას“ დამფუძნებელი, ავთანდილ აბდუშელიშვილი bm.ge-სთან ყვება, რომ წლევანდელი მაღალი მოთხოვნის გამო ფართოვდებიან. სკოლამ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობა შეიძინა, რომლის გარკვეულ ნაწილში სწავლის საშუალება მოსწავლეებს სექტემბრიდან ექნებათ.

„ჩვენი სკოლის მიმართ მომავალი სასწავლო წლისთვის მოთხოვნა მაღალი იყო, შესაბამისად, ამან მოგვცა საქმიანობის გაფართოების მოტივაცია და დამატებით შევისყიდეთ ტერიტორია.

გასულ სასწავლო წელთან შედარებით ჩვენ 60 პირველკლასელით მეტი მივიღეთ“, - ამბობს ავთანდილ აბდუშელიშვილი.

„სკოლა ნიუტონის“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძეც ამბობს, რომ წელს საკმაოდ მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.

„წელს მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. როგორც ყოველთვის იმაზე მეტი მსრუველია, ვიდრე ადგილები გვაქვს. წლევანდელი წელი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა და გაზაფხულზე, მაშინ, როცა პირველკლასელების მიღება ხდება - ეს ტენდენცია შენარჩუნდა“, - განმარტავს „სკოლა ნიუტონის“ ხელმძღვანელი.

2023 წლის სექტემბრის სასწავლო წლისთვის მაღალი მოთხოვნაა საქართველოში არსებულ საერთაშორისო კერძო სკოლებში. „იუჯი სკოლის“ ადმინისტრაციის უფროსი თინათინ თოფურია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სკოლების შემთხვევაში, მოთხოვნის ზრდაზე გავლენა უცხოელების შემოდინებამაც მოახდინა.

„ჩვენ საერთაშორისო სკოლა ვართ და წელს უცხოელების დიდმა შემოდინებამ მოთხოვნაზე შესაბამისი გავლენა მოახდინა. ამ დროისთვის სრულად შევსებულები ვართ და არცერთი ვაკანტური ადგილი არ გვაქვს.

ფაქტობრივად, ყველა კერძო სკოლაში, წელს ადგილები იმაზე ადრე შეივსო, ვიდრე განსაზღვრული ვადით ივსება ხოლმე. მშობლები თავისუფალ ადგილს ეძებდნენ, თუმცა გაზაფხულის ბოლოსთვის ეს შეუძლებელი იყო“, - აცხადებს თინათინ თოფურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები