მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება სრულად იკრძალება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეთადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.

„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, ნარკოტიკული დანაშაულების გამოსავლენად და აღსაკვეთად გასული ერთი თვის განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა.

"რამდენიმე დღის წინ ამოღებულ იქნა 300 კილოგრამი ჰეროინი; გუშინ დავაკავეთ 18 ნარკორეალიზატორი. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული სპეცოპერაციებისთვის.

ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლებაა, სხვა მანკიერებებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რისი ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამკვიდრებენ ტერმინს „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირებაა, სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება. ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან - ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები