მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერკი“ - შემოდგომაზე ბაზარზე ჩირის მწარმოებელი ახალი ბრენდი გამოჩნდება

607d9c44a466b
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.21 19:56
2834
2021 წლის შემოდგომაზე ბაზარზე ახალი ბრენდი „კერკი“ გამოჩნდება. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში სატესტო რეჟიმში ამოქმედებული საწარმო სრული სიმძლავრით აგვისტოდან ამუშავდება და ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს, ჩურჩხელას და დაფასოებულ თხილეულს შესთავაზებს.

კომპანია GGM, რომლის ძირითადი საქმიანობა ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების, ასევე ბიზნესის დაფინანსების, ინვესტიციების მოზიდვისა და კრიზისის მართვა წარმოადგენს, სოფლის მეურნეობის დარგში საკუთარი პროექტის წამოწყებით 2018 წელს დაინტერესდა და 700 000 დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორცილება და საწარმოს მშენებლობა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო.

როგორც კომპანია GGM-ის მმართველი გენო გელაძე BM.GE-სთან საურისას განმარტავს, პროექტის განხორციელებამდე კომპანიამ არსებული კვლევები დაამუშავა და ქვეყნის პოტენციალი, რესურსები და ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა შეისწავლა.

„ჩვენი პარტნიორების და მომხმარებლის უდიდესი ნაწილი სასტუმროს, რესტორანს, სამშენებლო ბიზნესს ირჩევს და საქართველოში წარმოება ჯერ კიდევ არ მიიჩნევა პოპულარულ საქმედ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ბევრი ჩვენი პარტნიორისთვის და სხვებისთვისაც ვქმნით ერთგვარ მაგალითს, რომ სწორად ორგანიზებული წარმოება პერსპექტიული და სასარგებლო ბიზნესია და ხშირად საწარმოს უფრო შეუძლია კრიზისების დაძლევა, ვიდრე, მაგალითად, სასტუმროს, რესტორანს ან საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო სექტორს“, - აღნიშნა გენო გელაძემ.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდა. ტესტირების პროცესი, რაც დანადგარების გამოცდას, გუნდის ფორმირებასა და გადამზადებას, უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების ორგანიზებას მოიცავს, ივლისში დასრულდება და მმართველი კომპანია აგვისტოდან სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ჩვენი ოპტიმისტური გათვლებით, 2021 წლის შემოდგომაზე გვინდა ბაზარზე შესვლა. 2021 წელს არანაკლებ 180 ტონა ნედლეულის გადამუშავება იგეგმება, რის შედეგადაც საშუალოდ 22 ტონა მზა პროდუქტს მივიღებთ. 2022 წელს კი საწარმო, არანაკლებ, 300 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს.

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ პროდუქციის ბრენდირებაზე, შეფუთვაზე. უკვე გადაწყვეტილია, რომ პროდუქცია როგორც ქართულ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ,,კერკის’’ სახელწოდებით გამოჩნდება. კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს“, - აღნიშნა გენო გელაძემ.

საწარმოში ტესტირების ეტაპზე, დღეისთვის 16 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა GGM-ის მმართველის ინფორმაციით, აგვისტოში, საშუალოდ, 35-მდე გაიზრდება, ხოლო სამომავლოდ, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა საწარმოს წარმადობაზე იქნება დამოკიდებული. გენო გელაძე BM.GE-ისთან საუბრისას საწარმოს საინვესტიციო მიმზიდველობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„პანდემიური პერიოდის, შეზღუდვების, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და პროექტი ხუთი სხვადასხვა წყაროს დაფინანსებით განვახორციელეთ. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია. ჩვენი კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ამ ფინანსური მოდელით უკვე გვაქვს პრაქტიკაში რეალიზებული ბიზნესმოდელი, რომელიც ბიზნესის კეთებით დაინტერესებულ სუბიექტებს, სწორად ორგანიზების შემთხვევაში, საკუთარი, შედარებით მცირე კაპიტალითაც კი, მსხვილი პროექტების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს“, - ამბობს გელაძე.

კომპანიის მმართველი აღნიშნავს, რომ საწარმო ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შესყიდვის სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ვთანხმდებით ფერმერებთან, ოჯახებთან, რომ თუ ისინი პროდუქციას ჩვენი აგრონომებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოიყვანენ, ჩვენ მათი ნედლეულის შესყიდვის მიზნით, მათთან 10-წლიანი თანამშრომლობის გაფორმებისთვის მზად ვიქნებით. ბუნებრივია,  შესაბამისი პრაქტიკის არქონის, უნდობლობის, პროდუქციის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის, ბაღში ნედლეულის ხარისხის შეფასების და სხვა გარემოებების გამო, ამ სისტემის გამართვა დიდ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა ვფიქრობთ, სწორი მუშაობით, გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემის აწყობა სავსებით შესაძლებელია“, - უთხრა BM.GE-ის გენო გელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები