მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კევინ დურანტმა Nike-თან უვადო კონტრაქტი გააფორმა

644cec1e0d931
გიორგი არონია
29.04.23 14:33
758

Phoenix Suns-ის კალათბურთელი, კევინ დურანტი NBA-ის ისტორიაში რიგით მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც Nike-თან უვადო კონტრაქტი გააფორმა, ანუ ამერიკულ კომპანიასთან კარიერა სამუდამოდ დააკავშირა. ამ დრომდე, ასეთი კონტრაქტი Nike-მა NBA-ის მხოლოდ ორ კალათბურთელს - მაიკლ ჯორდანსა და ლებრონ ჯეიმსს გაუფორმა. Nike-სა და კევინ დურანტს შორის უვადო კონტრაქტის გაფორმება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან დურანტი, რომელიც NBA-ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, კომპანიასთან 2007 წლიდან თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ დურანტის სპორტული ფეხსაცმლის თხუთმეტი სერია გამოუშვა - მე-16 სერიაზე მხარეები ახლა მუშაობენ.

“Nike-თან პირველი კონტრაქტი რომ გავაფორმე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ასე განვითარდებოდა”, - ვკითხულობთ კევინ დურანტის განცხადებაში, რომელიც კალათბურთელმა საკუთარი მედიაკომპანიის, Bოარდროომ-ის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. “ბევრი შემოქმედებითი და ფილანთროპიული პროექტი განვახორციელეთ, ერთად დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ და ისეთი ბიზნესი შევქმენით, რომელიც სამუდამოდ იარსებებს”.

კევინ დურანტთან ერთად, გარიგებას თავად Nike-იც გამოეხმაურა: “კევინ დურანტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, რომელიც Nike-ის ოჯახის განუყოფელი წევრი იყო გასული თექვსმეტი წლის განმავლობაში”, - ვკითხულობთ Nike-ის გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის, ჯონ სლაშერის განცხადებაში. “მოხარულნი ვართ, რომ ამიერიდან, ახალი თაობის ათლეტებს ერთად მოვემსახურებით”.

როგორც ირკვევა, კევინ დურანტთან გაფორმებული უვადო ხელშეკრულება მოიცავს, როგორც სპორტულ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს, ასევე სოციალურ და ფილანთროპიულ პროექტებს, რომლებიც, უმეტესწილად, ახალგაზრებში კალათბურთის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უვადო კონტრაქტი სპორტში ძალიან იშვიათი მოვლენაა. ამ დრომდე, Nike-მა უვადო კონტრაქტი მაიკლ ჯორდანს, ლებრონ ჯეიმსს, კრიშტიანუ რონალდუსა და ტაიგერ ვუდს გაუფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები