მცენარეული ზეთების მწარმოებელი კომპანია „ხახაბო“ ნატახტარში ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაქარია სვიმონიშვილი განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ახალი საწარმოს პროექტი დაკავშირებულია საექსპორტო მიმართულების გაფართოებასთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გასვლასთან, სადაც კომპანია მსხვილი პარტიებით გეგმავს პროდუქციის გატანას. როგორც სვიმონიშვილი განმარტავს, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო დეტალები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
"ვფიქრობთ, უკვე პროდუქციის ექსპორტზე გატანას ვფიქრობთ და შესაბამისად, დიდი საწარმოს აშენებას ნატახტარში ვგეგმავთ, რათა მზარდი საექსპორტო მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ. საუბარია საკმაოდ დიდ 5–10 მილიონ ლარამდე ინვესტიციაზე", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ახალი საწარმო კომპანიის წარმოების სიმძლავრეებს მნიშვნელოვნად გაზრდის, თუმცა ზუსტი მოცულობების განსაზღვრა ჯერ რთულია, რადგან ამერიკულ ბაზართან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე აშშ-ის ბაზართან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში ვართ და მოთხოვნის დაკმაყოფილებას მათთან შეთანხმებით ვგეგმავთ. ეს სრულიად სხვა მასშტაბია - დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო დიდი მოცულობების წარმოებაზეა საუბარი", - აღნიშნა სვიმონიშვილმა.
კომპანიის გეგმებით, ახალი საწარმო ასევე სამუშაო ადგილების ზრდასაც გამოიწვევს. ამჟამად "ხახაბოში" 10-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი ობიექტის ამოქმედების შემდეგ თანამშრომლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. გეგმის მიხედვით, წარმოების ნაწილი თბილისში არსებულ საწარმოში დარჩება, ხოლო ნაწილი ნატახტარში, ახალ საწარმოში გადავა, რაც ოპერაციების გაფართოებასა და პროცესების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.




























