მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხალხის ნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია“ – „თბილღვინოს“ დირექტორი „რუსულ კანონზე“

ზურაბ მარგველაშვილი

ღვინის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „რუსული კანონის“ განხილვების დაწყებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კანონის წინააღმდეგია. BM.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების აზრი უნდა გაითვალისწინოს. კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, პროცესში ჩართული პარტნიორების შეფასებებიც გათვალისწინებული უნდა იყოს.

„როგორც მოქალაქე ვიტყვი, აშკარაა, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ეს კანონი მისაღები არ არის. აქედან გამომდინარე, ხალხის ნების გათვალისწინება, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია.

[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს] უარყოფითად ვაფასებ იმ თვალსაზრისით, რომ ხალხის დიდი უმრავლესობისთვის ის მიუღებელია. ამასთან, იმ ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინება უნდა მოხდეს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესშია ჩართული, სხვა შემთხვევაში ქვეყანამ ევროინტეგრაციაზე უარი უნდა თქვას. ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, თავად უნდა წყვეტდნენ თავის ბედს.

ამ კანონის მეორედ უკან გაწვევა იოლი არ იქნება, მაგრამ მდგომარეობის განსამუხტად ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

პარლამენტში დღეს, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვები საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის საკანონმდებლო ორგანოში არდაშვების შემდეგ შენობასთან 10 საათიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. მასშტაბური აქცია კი საღამოს 19 საათზეა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები