მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხარჯებს ვერ ავუდივართ" - ტექინსპექტირების ცენტრები საფასურის გაზრდას ითხოვენ

შიოლაშვილი

პირველადი ტექინსპექტირების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, სექტორში კადრების გადინება კატასტროფულად მაღალია, რაც იმითაა განპირობებული, რომ შესაბამის ანაზღაურებას ვერ უხდიან. ამასთან, სექტორს ხარჯები აქვს გაზრდილი, შესაბამისად, მისი გადარჩენისთვის პროექტის გადახედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ხუთი წელი გავიდა რეფორმიდან და ჯერ კიდევ არ გადახედილა პირველადი ტექინსპექტირების საფასური. ამასთან, გაზრდილია ხარჯები მოწყობილობების განახლებასთან ან ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სექტორი ვერ აუდის ხარჯებს. აქედან გამომდინარე, სექტორმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რომ გადახედილიყო პირველადი ტექინსპექტირების ტარიფი. ცოტა ხნის წინ, განმეორებით ტექინსპექტირებაზე ცვლილებები შევიდა და ფასიანი გახდა. თუმცა ამან ვერ შეძლო ტექინსპექტირების ცენტრების მდგომარეობაზე ფინანსურად ასახულიყო. ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ველოდებით მათგან გამოხმაურებას.

ვეცადეთ, რომ არგუმენტები ყოფილიყო კვლევაზე დაფუძნებული. როდესაც კადრების 57% და მეტია გადინება, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ვფიქრობ, რომ 2025 წლიდან ისინი უფრო აქტიურად დაიწყებენ ამ საკითხის განხილვას და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ გარკვეული შედეგი მიიღწევა ამ კუთხით. გადინება პირდაპირ კავშირშია ანაზღაურებასთან. რეგიონისა და ქალაქის მიხედვით, ანაზღაურება განსხვავებულია, თუმცა საშუალოდ რომ ვთქვათ, მაინც მცირეა პასუხისმგებლობასთან შეფარდებით. საჭიროა ტექინსპექტირების სექტორის მხრიდანაც გარკვეული ინვესტიციები ჩაიდოს. საჭიროა კადრებმა ტრენინგები გაიარონ შესაბამის უწყებებში და ა.შ. აქედან გამომდინარე ხარჯები დიდია, რასაც სექტორი ვერ აუდის“, - აცხადებს შიოლაშვილი.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი მეორადი ტექინსპექტირებაზე საფასურის დაწესების შედეგებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლა ავტომობილები ტექინსპექტირების ცენტრებში უფრო მომზადებულები მიდიან.

„ევროპაში ეს პროცესი დაახლოებით 30 წელია მიმდინარეობს. იქაც კი რაღაც საკითხები დახვეწას, დაზუსტებას და განვითარებას მოითხოვს. მით უმეტეს ქვეყნისთვის, ეს არის ახალი რეფორმა და ჩვენ მოლოდინიც გვქონდა, რომ ეტაპობრივად რაღაც იქნებოდა შესაცვლელი. ახლა გადაიხედა რა ხარჯები აქვთ ტექინსპექტირების ცენტრებს და ერთგვაროვანი მიდგომის საკითხი, რაც არის ცენტრებში. ცენტრების მონიტორინგი იქნება ახალი წლიდან, ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს, რომ პროცესი წარიმართოს ერთგვაროვნად, მაქსიმალურად ობიექტურად და კომპეტენტურად.

მონიტორინგი ევროპულ ქვეყნებში მიღებულია და სპეციალურად უწყებაცაა გამოყოფილი. ჩვენთანაც ამ პროცესებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში 42 კომპანია ოპერირებს, სადაც 150 ხაზია. რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, სექტორში ჯამში 1000-1200 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები