მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხარვეზები ფინანსების მართვასა და შესყიდვებში - რა გამოავლინა აუდიტმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში?

ტყიბული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

აუდიტი 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის პერიოდს მოიცავს და ირკვევა, რომ მათ შორის წინა პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები კვლავ გამოუწსწორებელი იყო.

აუდიტის მიგნებები ასეთია:

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას შესამოწმებელ პერიოდში, შესაბამისად, 29%, 16% და 33% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ვერ აითვისა თანხები, ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სახურავების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

შესყიდვების დაგეგმვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში შესყიდვების გეგმის შედგენისა და შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენის პროცესი განხორციელებულია კანონმდებლობის დარღვევით. შედეგად, მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი მოცულობის, 23.6 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელა წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის გარეშე.

ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 650.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.

გამოუყენებელი აქტივები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და აქტივების მართვაში არსებული კონტროლის მექანიზმების ხარვეზების გამო, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთანავე, ზოგიერთ ობიექტს მოსახლეობა დანიშნულების მიხედვით ვერ იყენებდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა თანხები არაეფექტიანად დახარჯა და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს დროულად ვერ მიაღწია.

სათანადო დასაბუთების გარეშე შესრულებული სამუშაოები - მუნიციპალიტეტის მიერ გზების მოხრეშვითი სამუშაოები 2 შემთხვევაში შესრულებულია სათანადო დასაბუთების გარეშე. ამასთანავე, გამოყენებული ინერტული მასალები მოპოვებულია კანონმდებლობის დარღვევით.

"შესწავლით გაირკვა, რომ სამუშაოს შესასრულებლად გამოყენებულია 2280 კუბ.მ ინერტული მასალა, რომელიც შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, მიმწოდებლებმა მოიპოვეს მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ, სოფლების მუხურას და მოწამეთას ტერიტორიებზე. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ნებართვის მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები არ განხორციელებულა, რადგან აღნიშნული საჭიროებდა გარკვეულ დროს, ხოლო სამუშაოების გაჭიანურება არ იყო მიზანშეწონილი",- წერია ანგარიშში.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობას. მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებზე. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.

მიწოდების ვადების დაუსაბუთებლად ზრდა - მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას, კერძოდ, სამუშაოების დასრულების ვადები 27 შემთხვევაში გაზარდა დაუსაბუთებლად, არაობიექტური მიზეზებით. შედეგად, მიმწოდებლებზე არ გაავრცელა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემური პრობლემები: არ არის დადგენილი მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ხარისხის შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან. ამდენად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობის წყალმომარაგების მიმართულებით − არასაკმარისია. ანგარიშის მიხედვით, 31 სოფლის 1,602 ოჯახისათვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი წყალმომარაგებას არ ახორციელებს და მოსახლეობა სარგებლობს ჭებით და ბუნებრივი წყაროებით.

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობას. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საწვავის ხარჯი გამოყენებულია არარაციონალურად.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სათანადო ბაზა და მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაოპტიმალურია. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პროცესში არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები