საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ71–კმ76 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 509 573 ლარია.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის იწყება სოფელ ჩითახევის აღმოსავლეთით, გაივლის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიას და სოფელ ქვაბისხევის დასავლეთით სრულდება. ჯამში, რეაბილიტაცია 4.1 კილომეტრიან გზას ჩაუტარდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამჟამად გზის საფარი დაზიანებულია: შეიმჩნევა გრძივი და განივი ბზარები, ასევე ორმოები. პროექტი ითვალისწინებს:
- საგზაო სამოსის სრულ განახლებას;
- წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლებისა და ორი ხიდის რეაბილიტაციას;
- კმ75-ზე (პკ 32+00) არსებული ამორტიზებული კოჭური ხიდის ნაცვლად, ახალი რკინაბეტონის მილის მოწყობას;
- მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, ახალი საგზაო ნიშნების დადგმასა და ჰორიზონტალურ მონიშვნას.
გზის საანგარიშო სიჩქარე 80 კმ/სთ-ით განისაზღვრა, სავალი ნაწილის სიგანე კი 7 მეტრი იქნება. სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეუწყვეტლად უნდა განხორციელდეს.
გზების დეპარტამენტი დოკუმენტში წერს, რომ აღნიშნული საავტომობილო გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს აკავშირებს. მას აქვს დატვირთული სატრანზიტო ფუნქცია თურქეთის რესპუბლიკასთან და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მარშრუტს როგორც საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, ისე ტურისტული ნაკადებისთვის.



























