მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაშურში „ელიტ ელექტრონიქსიდან“ 10 ლეპტოპის მოპარვაში ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ეე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში მდებარე ტექნიკის მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსიდან“ 10 ლეპტოპის მოპარვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, ნივთებს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებულთა ვინაობა მალევე დაადგინეს. პოლიციის განმარტებით, ნაქურდალი ნივთები სრულად არის ამოღებული.

„პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. კერძოდ, საქმე აღძრულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც გულისხმობს დანაშაულს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებას.

დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე უცნობია, ცნობენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები