ტურიზმის ინდუსტრიის 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ისაუბრა. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძეც შეაფასა, ხოლო კითხვაზე, რატომ ჩააბარა მას მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხაზარაძე ინვესტორების შემოყვანის პირობას იძლეოდა.
“ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ინვესტორებს საქართველოში, თუმცა ესეც ვერ მოახერხა, ვერც ერთი ინვესტორი ვერ დააინტერესა. მას ანაკლია ბარდებოდა, როგორც ბიზნესმენს. ის იყო კერძო ბიზნესმენი, ჩაბარდა პროექტი, თუმცა ვერ ერთი ინვესტორი ვერ დააინტერესა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული Conti International–ის კონსორციუმმა (“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”) 2016 წელს მოიგო. კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საერთო ღირებულებას 2.5 მილიარდ აშშ დოლარად აფასებდა, თუმცა ტენდერი ჩაიშალა - “თიბისი ჰოლდინგის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მთავრობამ ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ამერიკელმა ინვესტორმა პროექტი დატოვა.
ანაკლიის პორტის პროექტის შესასრულებლად სახელმწიფო კომპანია უკვე დაფუძნდა. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ გასული წლის 17 აპრილს არის რეგისტრირებული. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, სახელმწიფო კომპანიამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლება უნდა უზრუნველყოს. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გასულ თვეში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი თამარ იოსელიანი დაინიშნა.
ახალი ამბები ბიზნესში შეგიძლიათ გაიგოთ BMG-ის ვებგვერდზე ყოველდღიურად.