ერთპარტიული პარლამენტი განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული საჭიროება დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის ფაქტების რაოდენობა კვლავ მაღალ ნიშნულზეა.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, უკანონო სახერხი საამქროების მოწყობის და გამოვლენის სტატისტიკა შემდეგნაირია: 2022 წელს ზედამხედველობის დეპარტამენტმა 87 უკანონო საამქრო გამოავლინა, 2023 წელს - 76. 2024 წელს კი - 93 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.
„უკანონოდ მოწყობილი სახერხი საამქრო ნიშნავს იქ უკანონოდ მოპოვებული რესურსის შეტანას და სამასალე მერქნის დამზადებას. სახერხი საამქროს მოწყობა დიდ დანახარჯებთან და დროსთან დაკავშირებული არ არის. ერთ საამქროში დღეში საშუალოდ 18-20 კუბური მეტი უკანონო მოჭრილი მერქნის სამასალედ გამზადება არის შესაძლებელი. ამიტომ გადაწყდა რომ გამკაცრდეს პასუხისმგებლობა.
სისხლის სამართლის კოდექსში არალეგალური საამქროს მოწყობისთვის პასუხისმგებლობა ნაცვლად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, განისაზღვრება 1-დან 3 წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1-დან 2 წლამდე ვადა იცვლება 3-დან 5 წლამდე ვადით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მეორე ნაწილი, სადაც ასევე მკაცრდება პასუხისმგებლობა, სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვებას ეხება.
„პასუხისმგებლობა მკაცრდება შემთხვევებზე, როდესაც სახერხი საამქროს ტერიტორიაზე შეტანილია ე.წ. დაუფინიშებელი ხე-ტყე, ანუ ასეთი ხე-ტყე უკანონოდ მოპოვებულია, მას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი, რომელიც მის კანონიერად მოპოვებას დაადასტურებს“, - განმარტა ნინო თანდილაშვილმა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ასეთი ქმედების მიზანს წარმოადგენს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ასევე უკანონოდ გადამუშავება და შესაბამისად მორის გადამუშავების შედეგად მიღებული ხეტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი, ძელი, ძელაკი) ბაზარზე უკანონოდ განთავსება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედებისათვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, შემოთავაზებული ცვლილება კი ითვალისწინებს ასეთი ქმედების განმეორებით ჩადენისათვის ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა (1000 ლარზე მეტი), სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას - ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული ხეტყის განთავსებისთვის, ხოლო დიდ ოდენობად კი ჩაითვლება მრგვალი ხეტყის (მორის) ის ოდენობა, რომლის უკანონო დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 ლარს ან მეტს, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ასევე, ამ კუთხით მესამე მთავარი ცვლილება ხე-ტყის უკანონო დამზადებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ადმინისტრაციული სახდელის დადგენის შემდეგ, როდესაც ერთჯერადად გამოვავლინეთ შემთხვევა, და იგივე პირი განმეორებით ჩაიდენს უკანონოდ ხე ტყის მოპოვებას, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გამკაცრებული იქნება თავისუფლების აღკვეთის ვადით, დიდი ოდენობის შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე პასუხისმგებლობაა შემოტანილი.
მორის უკანონო ტრანსპორტირებაზეც მკაცრდება პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში მეორე შემთხვევაზე (მესამე შემთხვევის ნაცვლად) შემოღებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. აქამდე ისე იყო, რომ ერთი პირი თუ ორჯერ ჩაიდენდა ერთი და იგივე ქმედებას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მესამე შემთხვევაზე ეკისრებოდა და არა მეორეზე. ფაქტია, პირს გააზრებული აქვს, რომ უკანონო ქმედებას ჩადის და მაინც იმეორებს იგივე ქმედებას უკანონოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, პასუხისმგებლობა განსაზღვრული გვაქვს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.




























