დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა ნაწილმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ დებატებში მიიღო მონაწილეობა. დებატები ევროკომისიის დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხების ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ გახსნა და ევროკავშირს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
შუიცამ იმ აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელთა გადადგმაც საქართველოში სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს.
"დროა, ევროკავშირმა იმოქმედოს მტკიცედ და ერთობლივად. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი ჩვენგან ელოდება. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ და ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტები და ხელახლა ჩაერთოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში", - განაცხადა ევროკომისარმა.
ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, რასა იუკნევიჩიენემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება, ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი დარჩება.
"EPP-ს პოზიცია ნათელია, საპარლამენტო არჩევნები მოპარული იყო, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს დახმარების სხვა გზას, გარდა ახალი არჩევნებისა, სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ერთადერთი პრეზიდენტია, სანამ არ გაიმართება ახალი არჩევნები. მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროდეპუტატებმა ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისგან მოითხოვეს. მათი თქმით, ევროპამ უნდა იმოქმედოს იქამდე, ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება როგორც ქართველი ხალხი, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის იბრძვის.
დასკვნით სიტყვაში ევროკომისარმა დუბრავკა შუიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში არ მიატოვებს და დახმარებას, რომელიც მანამდე ხელისუფლებისკენ მიემართებოდა, სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადაამისამართებს.
"თვეების განმავლობაში ქართველები აპროტესტებენ და გამოხატავენ თავის ურყევ კავშირს დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულ მომავალთან. ევროკავშირი არ მიატოვებს მათ ამ გზაზე. ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, რომ ამ კრიტიკულ მომენტში საქმიანობის გაგრძელება შეძლონ. ჩვენ ასევე სამომავლოდ გავაუმჯობესებთ კომუნიკაციას. რასაც დღეს ვაკეთებთ ისაა, რომ ვუგზავნით გზავნილს ამ სხდომიდან, ქართველ ხალხს უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი და ევროკავშირის განგრძობადი ერთგულება. "ქართული ოცნებისთვის" ხაზი უნდა გავუსვათ ამ ქმედებების ფასს", - განაცხადა დუბრავკა შუიცამ.