მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელების სკოლა“: იმისდა მიუხედავად, რომ ახლები ვართ, ჩვენს კურსებზე მოთხოვნა მზარდია

ხელების სკოლა

შემოქმედებითი სივრცე „ხელების სკოლა“, რომელიც ბაზარზე 1 თვეა გამოჩნდა, მომხმარებელს ხელოვნების ყველა დარგის მიმართულებით, სხვადასხვა კურსებს სთავაზობს. ისეთებს, როგორიცაა კერამიკა, თიხაზე მუშაობის თერაპია, თავისუფალი ხატვის სივრცე, მცენარეების მოვლის კურსები და ა.შ.

როგორც სკოლის თანადამფუძნებელი, მედეა კევლიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, ერთი თვის განმავლობაში მათ კურსებზე მოთხოვნა მზარდია და ამ დროისათვის უკვე 40 ადამიანს უმასპინძლეს.

მისივე ინფორმაციით, სასწავლო კურსი საშუალოდ 1 თვის განმავლობაში გრძელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 200-250 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, კურსის ღირებულებაც და ხანგრძლივობაც მის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ხოლო, ნედლეულისა და მანქანა დანადგარების მობილიზებას, თავად სკოლა უზრუნველყოფს.

„ფაქტობრივად, ყველა გაშვებულ კურსზე ძალიან მაღალი მოთხოვნა გვაქვს, რის გამოც ახალ კურსებს ვამატებთ. მეტიც, ორგანიზაციები გვიკავშირდებიან იმისათვის, რომ ე.წ. თიმ ბილდინგები გააკეთონ.

კურსები ძირითადად 18 წლიდანაა გათვლილი, მაგრამ უფრო მცირე ასაკის ბავშვებისგანაც იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ ახლახან ბავშვების სეგმენტიც, 7 წლიდან დავამატეთ. ამასთან, ჩვენი სკოლით ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებული შუახნის ასაკის ადამიანებიც.

აქ არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ კურსის დასრულების შემდეგ პროფესიონალი კერამიკოსი, ან მხატვარი გავა. მათთვის ეს უბრალოდ გართობისა და განტვირთვის მექანიზმია.

ვცდილობთ, რომ სკოლაში კურსები მაქსიმალურად შემოქმედებითი იყოს და მომხმარებელს მაქსიმალური თავისუფლება მივცეთ“,- აცხადებს კევლიშვილი.

მისივე ცნობით, სკოლის შესაქმნელად და სრულად მოსაწყობად, საწყის ეტაპზე დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სკოლა საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს, სადაც წარმოებულ პროდუქციას გაყიდიან. ასევე კაფეს გახსნასაც აპირებენ, რომელშიც კურსის მომხმარებლები, თუ მასწავლებლები შეძლებენ სარგებლობას.

ინფორმაციისთვის, „ხელების სკოლა“ ერთი თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებლებს სხვადასხვა სახის შემოქმედებით კურსს სთავაზობს. სკოლა გაგარინზე, ოდისის 4#-ში მდებარეობს.