მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელფასები მეტად იზრდება, ვიდრე ნომინალური ეკონომიკური ზრდაა - კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ "ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 7,7%-ს მიაღწია და მაჩვენებელი დაგეგმილზე მაღალია, რატომ იზრდება პარალელურად ინფლაციაც.

დეპუტატის თქმით, დაგეგმილი მიზნობრივი 3%-იანი ინფლაციის ნაცვლად, ქვეყანაში 4.8%-იანი ფასების ზრდა ფიქსირდება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ზრდა ეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდის ნაწილში სტატისტიკური წარმატება მთავრობის მხრიდან ხშირად გამოიყენება "განსაკუთრებულ ეკონომიკურ მიღწევად" და პროპაგანდის მთავარ თემად იქცევა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, თუმცა ფასების მატება მხოლოდ შიდა ფაქტორებით არ განისაზღვრება. მისივე თქმით, საშუალო ინფლაცია ცხრა თვის მონაცემებით 3%-ს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ 3,6%-ის ფარგლებში იქნება.

"ზოგადად, ურთიერთკავშირი ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციას შორის, რა თქმა უნდა, არის. როდესაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, ეს თავისთავად იწვევს მაღალ მოთხოვნას და შესაბამისად, შემდგომში ფასების ცვლილება ხდება ხოლმე. თუმცა მხოლოდ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე ფასების ცვლილება არ ხდება. ჩვენ ჯერ კიდევ დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და შესაბამისად, მათ შორის სურსათზე საერთაშორისო ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ფასების ცვლილებას იწვევს.

თქვენ ახსენეთ 4,8% და მიზნობრივი ინფლაცია ახსენეთ 3%. თუ ნახავთ იგივე დოკუმენტში, ოდნავ, რამდენიმე წინადადებით ან შეიძლება იმავე წინადადების ნაწილში არის, რომ საშუალო ინფლაცია ცხრა თვეში გვაქვს 3%. მიზნობრივი ინფლაცია კონკრეტული თარიღისთვის, რა თქმა უნდა, არ არის განსაზღვრული.

ჩვენ არ ვართ ეროვნული ბანკი და ჩვენ ჩვენს პროგნოზს ვაკეთებთ იმის მიხედვით, რაც მაკროეკონომიკურად და გათვლებით შეიძლება პროგნოზირებადი იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3,6%-ის ფარგლებში იქნება საშუალო ინფლაცია წლის ბოლოსთვის და როდესაც ვსაუბრობთ საშუალო ინფლაციაზე, რა თქმა უნდა, რომელიღაც პროდუქტზე ხდება მეტად ფასების მატება, რომელიღაც პროდუქტზე ხდება ნაკლებად ფასების მატება, მაგრამ თუ მივდივართ და ვსაუბრობთ, რომ საშუალო ინფლაცია რა არის, ყველა 300 ძირითადი პროდუქტი, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველდღიურ მოხმარებაში აქვს", - თქვა კაკაურიძემ ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენისას დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.

გიორგი კაკაურიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,4%-ია, რაც ქვეყნის პოტენციურ ზრდაზე (დაახლოებით 5,5%) მნიშვნელოვნად მაღალია, ხოლო ხელფასები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ნომინალური ეკონომიკა.

"ინფლაციის ზრდას ხელფასები არ იზრდებაო, მაგაში ვერ დაგეთანხმებით. თუ შევადარებთ ჩვენ ნომინალურ ეკონომიკურ ზრდას და ხელფასების ზრდას, ხელფასები კიდევ უფრო მეტით იზრდება, ვიდრე ნომინალური ეკონომიკური ზრდა.

რას ნიშნავს ნომინალური ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობასაც და მსმენელსაც რომ უფრო კარგად ავუხსნათ, ინფლაციას დამატებული რეალური ეკონომიკური ზრდა არის ნომინალური ეკონომიკური ზრდა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ 7,7% იზრდება რეალური ეკონომიკური ზრდა, ამას ემატება ინფლაციის მაჩვენებელი და საბოლოო ჯამში ნომინალური ეკონომიკა დაახლოებით 11-12% იზრდება. ეს არის ნომინალური და ხელფასები, თუ შევადარებთ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, უფრო მეტით იზრდება, ვიდრე ნომინალური ეკონომიკური ზრდა და ეს აი უბრალოდ რომ ჩახედოთ, საშემოსავლო გადასახადზეც აისახება, რაც დაგეგმილი გვქონდა, იმაზე გაცილებით მეტი შემოდის, დაახლოებით ცხრა თვეში 140 მილიონამდე მეტია საშემოსავლო გადასახადის სახით შემოსული და ეს ხომ არის პირდაპირ ხელფასიდან გადახდილი, ტყუილად ხომ არავინ გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს. აი ეს არის პასუხი", - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები