მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელფასების 100%-იანმა ზრდამაც ვერ გადაჭრა დეფიციტი“ - რატომ ვერ/არ ინარჩუნებს სასტუმრო სექტორი კადრებს?

ალავერდაშვილი

საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული მწვავე საკადრო დეფიციტი განსაკუთრებით მძიმედ HORECA სექტორზე აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზარდა, კომპანიებს ხაზობრივი პერსონალის მოძიება და შენარჩუნება სულ უფრო უჭირთ. ყველაზე დიდი დეფიციტი დამლაგებლების, დიასახლისების, ბარმენებისა და მიმტანების პოზიციებზეა.

არსებულ გამოწვევებზე გადაცემა „საქმიან დილაში“ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა.

„2022 წელთან შედარებით, ჩვენს სექტორში ხაზობრივ პოზიციებზე ხელფასები 100%-ით გაიზარდა. თუ 2022 წელს საშუალო ანაზღაურება 700-800 ლარს შეადგენდა, დღეს ხელზე ასაღები ხელფასი 1 300 ლარიდან იწყება და ზემოთ. რეალურად, ხელფასებმა ჩვენს სექტორში აიწია, თუმცა კადრების, განსაკუთრებით დალაგების სექტორში, სერიოზული დეფიციტია.

ადმინისტრაციულ რგოლებში სტუდენტები უფრო მეტად საქმდებიან, ისინი ვინც ინგლისური იცის და სტუმართან ურთიერთობა მოსწონს.“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინების მთავარი მიმართულება ემიგრაციაა. რაც შეეხება უცხოური სამუშაო ძალის იმპორტს, ალავერდაშვილი ფიქრობს, რომ ე თემა სამომავლოდ კვლავ დღის წესრიგში დადგება.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართველები დავასაქმოთ. ერთი რომ პრობლემები არ შეგვექმნას სახელმწიფოს ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, და მეორე - უცხოელებთან ნდობის თვალსაზრისით მაინც არის შიში, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ოთახების დალაგებასა და სტუმრის პირად ნივთებთან წვდომას. თუმცა, სამომავლოდ ამ თემას ვერ ავცდებით, მოგვიწევს გადახედვა და დეფიციტის შევსება.

მე რეალისტი ადამიანი ვარ და ერთადერთ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ბიზნესი უფრო მეტად ამუშავდეს. რაც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს ბიზნესი, ექნება საშუალება ხელფასები უფრო მეტად ასწიოს და ამით დავაკავოთ კადრები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ.“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები