მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელისუფლება არ ასახავს იმ ხალხის ნებას, ვინც ის აირჩია" - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

ბეჟიტაშვილი

„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი იმით, არის გამოწვეული, რომ ხელისუფლება მისი ამომრჩევლის ნებას არ არსახავს. ამის შესახებ მან BMG-სთან freebusiness.ge პლატფორმის შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი სულ მალე ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესმენები დღეს სწორედ ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე სამსჯელოდ შეიკრიბებიან, რადგან სხვა შემთხვევაში შედეგები თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

"შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური კრიზისი წინაშე დგას ქვეყანა, თუ უკვე არ ვართ ამ კრიზისში შესული, ეს უახლოეს მომავალში, 3-თვიან პერიოდში იქნება ასახული თითოეულ მოქალაქეზე. რაღაც პროცესები უკვე დაწყებულია უარყოფითი ტენდენციის სახით, ეს გადაედება სხვა დარგებს, და შემდეგ შეეხება ყველა მოქალაქეს ეტაპობრივად. ეს არის უპრეცედენტო მდგომარეობა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში და სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი. სწორედ ამისთვის ვართ შეკრებილი დღეს, რომ ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება ქვეყანას ასცდეს ეს უდიდესი კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი გამოწვეულია იმით, რომ არჩევნები არასათანადოდ ჩატარდა და ეს ხელისუფლება არ ასახავს იმ ხალხის ნებას, ვინც ის აირჩია", - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

კითხვაზე, რაში ხედავს თავად ასოციაციის ხელმძღვანელი გამოსავალს, ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარების გზა იმ პროტესტის მოთხოვნების შესრულებაა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები 51-ე დღეა რუსთაველზე უწყვეტად იკრიბებიან.

"ჯერ უნდა დასტაბილურდეს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, რასაც მოჰყვება სწორ საგარეო ვექტორზე დაბრუნება. გამოსავალი, პირველ რიგში, არჩევნებია, რომ ხელისუფლება წარმოადგენდეს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს. და შესაბამისად, ის მოთხოვნები, რაც ამ ხალხს გააჩნია, რომელიც 51 დღეა ქუჩაში დგას, უნდა დაკმაყოფილდეს: გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები და ჩაინიშნოს სამართლიანი არჩევნები", - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდება, არამედ უკვე მოქმედი ბიზნესებიც შეიკავებენ თავს რეინვესტირებისგან და სხვა ქვეყანაში გადავლენ.

"ყველაზე მეტად ბიზნესს არასტაბილურობის ეშინია და თავისთავად ცხადია, ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო, პოლიტიკური სტაბილურობა, იქ ინვესტიციები არ იდება. ეს ინვესტიციები არ არის მხოლოდ საგარეო, რაც ისედაც ნაკლები იყო. თვითონ ბიზნესი აღარ გააკეთებს რეინვესტირებას და შეეცდება, სხვაგან ჩადოს კაპიტალი, სადაც უფრო მეტი სტაბილურობაა. ქვეყნიდან მოხდება კაპიტალის გადინება და ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს ეკონომიკას. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ნურავინ იფიქრებს, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროს შეეხება ეს ყველაფერი", - აცხადებს „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები