ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ გზით გააგრძელებს სვლას, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერც 2030 წელს გახდება.
"ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიმრება არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც კანდიდატი ქვეყნისგან გვაქვს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შორს წევს ევროპის კავშირისგან. ვიცით, თქვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება თუ ქვეყანა ამ გზით გააგრძელებს სვლას. ამ პოლიტიკით ეს ვერ მოხდება. ჩვენ ვმუშაობთ ვიზების შეჩერების ახალ მექანიზმზე, რომელიც ნოემბერში დამტკიცდება და ამის შემდეგ ყველა შესაძლებლობა განიხილება", - განაცხადა მარტა კოსმა, რომლის კომენტარის თარგმანს "ტვ პირველი" ავრცელებს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს, 2028 წელს კი მათი მტკიცებით, საქართველო მზად იქნება მოლაპარაკებების გასახსნელად იმისთვის, რომ 2030 წლისთვის ევროგაერთიანების წევრი გახდეს.




























