„რა თქმა უნდა ხელისუფლება მიიღებს ყველაფერს, რაც მათ დაიმსახურეს. ეს შეიძლება იყოს სანქციები...“- ყოფილი სახალხო დამცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ე.წ რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა და ფასის გადახდა იმაზე, რასაც ახლა სჩადიან.
“ხელისუფლება იმ მინიმალურ სტანდარტსაც აღარ იცავს, რასაც ფორმალურად იცავდა, თუნდაც მომხდარიყო რაღაც საკითხებზე განხილვა/მსჯელობა, ამის ინტერესიც აღარ აქვს. პირდაპირ არის გადასული ძალადობაზე. პრაქტიკულად ამ კანონის მიღებით ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ის ხდება სრულიად არალეგიტიმური. მით უმეტეს, როცა ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც აპროტესტებს ამ კანონს.
როცა ვხედავთ არაერთ განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როცა არის ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში, მიუხედავად ამისა ხელისუფლება მაინც ცდილობს გააგრძელოს ჩვეულებრივ რეჟიმში და მიიღოს ეს კანონი. ეს ნიშნავს, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილს სურს ქვეყანაში დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი და სწორედ ამის გაფორმებაში ეხმარება პარლამენტი.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიიღებს ყველაფერს, რაც მათ დაიმსახურეს. ეს შეიძლება იყოს სანქციები, შეიძლება იყოს იგივე სხვა შეზღუდვები, რაც მათ დაუწესდებათ ევროპასა და ამერიკაში. ეს იქნება გადაადგილება თუ სხვა რამ, ყოველ შემთხვევაში იქნება პასუხისმგებლობა. მათ უნდა გადაიხადონ ის საფასური, რასაც დღეს სჩადიან, რასაც ისინი აკეთებენ პარლამენტში“,-აცხადებს bm.ge-სთან უჩა ნანუაშვილი.
რუსული კანონის მესამე მოსმენით მისაღებად ქართულ ოცნებას მხოლოდ 1 წუთი და 7 წამი დასჭირდა. კითხვა და შენიშვნა არავის ჰქონია, ოპოზიციონერი დეპუტატების მისვლას, რომლებმაც პარლამენტში შესვლა შეფერხების შემდეგ შეძლეს, უმრავლესობა არ დაელოდა.
„ოცნება“ რუსული კანონის მიღებას სავარაუდოდ ხვალ გეგმავს. უკვე ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ პლენარული სესია გაიმართება.