მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე" - მინისტრი სოფელ ხემაღალასა და ღვერკში ჩავიდა

ღვერკი

იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალასა და სოფელ ღვერკში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ჩავიდა. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, მინისტრი სოფელ ხემაღალაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა. სოფელ ღვერკში კი რევაზ სოხაძე გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია-პრევენციის სამუშაოებს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს.

ცნობისთვის, ხარაგაულის სოფლები ხემაღალი და ღვერკი თითქმის 5 თვეა სტიქიური უბედურების ზონაა. ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანეს, თუმცა სხვადასხვა ცნობებით, იქ კვლავ იმყოფება ადგილობრივების ნაწილი. ინფრასტრუქტურის უწყების მტკიცებით კი, ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არცერთი ოჯახი.

რაც შეეხება ევაკუირებულ მოსახლეობას, სამინისტრო იტყობინება, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ბიუჯეტიდან გამოყო 87 200 ლარი.

"დაზარალებულ ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი. ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არცერთი ოჯახი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე - ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესრელიზში.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალასა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის. როდის დასრულდება გეოლოგიური კვლევის დასკვნაზე მუშაობა, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები