მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ახალი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად - გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

როგორც ქობულიამ “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნა, დადებითი ფაქტია, რომ ქვეყანაში რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, თუმცა მისივე თქმით, საქართველოს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაც სჭირდება.

გიორგი ქობულია ამბობს, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა მცირე ბაზარია.

“რატომღაც ისე ჟღერს, რომ ვითომ რეინვესტირება ცუდია და არ არის რეალურად პირდაპირი ინვესტიციები. ეს ასე არ არის. რეინვესტირება რას ნიშნავს? მაგალითად, დღეს “საქართველოს ბანკის” ძირითადი მფლობელები არიან უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფლობენ ბანკის ფასიან ქაღალდებს, ანუ აქციებს. ამ ინვესტორებს შეუძლიათ, რომ მოითხოვონ დივიდენდები. მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი არ მოითხოვენ ამ ფულის გატანას, რადგანაც ისინი თანახმანი არიან, რომ ეს თანხა ჩაიდოს “საქართველოს ბანკსა” და საქართველოს ეკონომიკაში, ესეც არის ისეთივე პირდაპირი ინვესტიცია, როგორც ახალი ფული რომ შემოსულიყო.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახალი ფულის შემოსვლა გარდა რეინვესტირებისა. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრად მეტი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ. ამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, მაღალი რისკის მქონე ქვეყნის აღქმის შემცირება. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც უფრო აქტიურად იმუშაოს ინვესტორების მოსაზიდად.

ეს ყველაფერი კომპლექსში უნდა გაკეთდეს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ძალიან რთულია. ჩვენ არ გვაქვს ბევრი არაფერი, რაც შეიძლება ინვესტორს შევთავაზოთ. არ გვაქვს დიდი ბაზარი, როგორიც აქვს მაგალითად, ჩინეთს. ჩვენ არ გვაქვს რაღაც უნიკალური უნარ-ჩვევები. რა შეგვიძლია [ინვესტორებს] შევთავაზოთ? ტურიზმი შეგვიძლია [შევთავაზოთ], იმიტომ რომ ეს სექტორი საქართველოში მზარდია. ჩვენ შეგვიძლია ენერგეტიკაში [ინვესტირება] შევთავაზოთ, შევთავაზოთ ტრანსპორტის დარგი. სულ თითებზე ჩამოსათვლელი რამ გვაქვს, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ამაზე ყველაფერზე ინტენსიურადაა სამუშაო. ათჯერ მეტი, ვიდრე სხვა ქვეყანას, რომელსაც უფრო კარგი პირობები აქვს, რომ ჩვენც მოვიზიდოთ რაღაც, “მოვგლიჯოთ” რაღაც წილი იმ საერთაშორისო ფულისა, რომელიც დღეს ეძებს ადგილს, თუ სად უნდა იყოს ჩადებული”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც ნახევარზე მეტი, 53.8% რეინვესტირებაზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები