მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელისუფლებას მტრული რიტორიკა სამოქალაქო სექტორის მიმართ არ შეუმცირებია“ – თამარ ხიდაშელი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების დამოკიდებულებაზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ თამარ ხიდაშელმა „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება აპრილის ჩათვლით ამბობს, რომ ეს პრიორიტეტი თავიდან ბოლომდე შესასრულებელი იყო. ამის მიზეზი რუსული კანონი გახდა, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა შემდეგ, სამოქალაქო ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა, თავადვე ჩაეგდო.

„ამის შემდეგ, ხელისუფლებამ რამდენიმე ფორმალური შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. არაპოლიტიკურად მგრძნობიარე კანონთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები გაითვალისწინა; გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მონაწილეობით შედგა დიდი კონფერენცია, რომელიც მაინცდამაინც კონსტრუქციული არ იყო, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, მაგრამ ეს ფაქტიც კი ჩავთვალეთ, როგორც პროგრესი და შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ერთი პრიორიტეტი გავაუმჯობესეთ და დღეს ნაწილობრივად შესრულებულად ითვლება“ – ამბობს თამარ ხიდაშელი „ანალიტიკა“–სთან.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ ხელისუფლებას მუდმივად შეახსენოს, რომ აკონტროლებს და გარდა ამისა, საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ, შემდეგ, საზოგადოებამ თავად შეძლოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება.

„ხელისუფლებას მტრული რიტორიკა სამოქალაქო სექტორის მიმართ არ შეუმცირებია – ამბობს თამარ ხიდაშელი „ანალიტიკა“–სთან – ყოველთვის, როცა სტატუს–მეტრს წარმოვადგენთ ხოლმე, ჩვენ გვადანაშაულებენ, სხვადასხვა ეპითეტებით გვამკობენ და ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს ასე არ არის“.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, წარადგინეს ბოლო შეფასების დოკუმენტი - სტატუს–მეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დე–ოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები