მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხელისუფლებაში რომ ვიყო, კრიპტოვალუტებს ავკრძალავდი” - ჯეიმი დაიმონი

ჯეიმი დაიმონი - ბიტკოინი

“ხელისუფლებაში რომ ვიყო, კრიპტოვალუტებს ავკრძალავდი”, - ამის შესახებ მსოფლიოს უდიდესი ბანკის, ამერიკული JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა აშშ-ის სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბანკირის ამ განცხადების პათოსი მოულოდნელი არ არის, რადგან ზოგადად კრიპტოვალუტებისა და კონკრეტულად ბიტკოინის წინააღმდეგ მას ამ დრომდეც გაულაშქრია. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის ერთადერთ ჭეშმარიტ გამოყენებას ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის სენატის ამ სხდომაზე, რომელსაც შტატ მასაჩუსეტსის დემოკრატი სენატორი, ელიზაბეტ უორენი თავმჯდომარეობდა, მხარეები გარკვეულწილად შეთანხმდნენ, რომ ფულის გათეთრების დანაშაულის კუთხით კრიპტოკომპანიები იმავე წესებსა და კანონებს უნდა დაემორჩილონ, რომლებიც დიდი ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოქმედებს. კრიპტოინდუსტრიის რეგულირება, როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხთა შორის, რომლებზეც ელიზაბეტ უორენი და საბანკო ინდუსტრია თანხმდებიან, რადგან ჩვეულებრივ, შტატ მასაჩუსეტსის სენატორი ფინანსური ინსტიტუტების ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად გვევლინება.

“საბანკო რეგულირების პოლიტიკას, როგორც წესი, მრავალმილიარდიანი ბანკების გენერალურ დირექტორებთან არ განვიხილავ, მაგრამ ეს საკითხი - ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება”, - განაცხადა ელიზაბეტ უორენმა და დასძინა, რომ “ტერორისტებმა, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა და დამნაშავე სახელმწიფოებმა მათი საშიში ქმედებებისთვის კრიპტოვალუტები ვერ უნდა გამოიყენონ”. შტატ მასაჩუსეტსის სენატორმა აშშ-ის კონგრესსაც მიმართა და მოქმედებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გლობალურმა კრიპტოინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. ამ პერიოდში, ბიტკოინის ღირებულებამ 25%-ით იმატა და 44,280 დოლარსაც მიაღწია - მაჩვენებელს, რომელიც უკანასკნელად 2022 წლის აპრილში დაფიქსირდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 854 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო მთლიანად ინდუსტრიის კაპიტალიზაცია 1.59 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები