„ხელისუფლების მხრიდან ადვოკატის უფლებების დაცვის იმედი მიამიტობაა - ვიბრძოლებთ ყველა ბერკეტით“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ კითხვას, რომელიც სასამართლო დარბაზებში ტექნიკური საშუალებების (ტელეფონი, კომპიუტერი, აიპადი) შესაძლო აკრძალვას შეეხებოდა.
კახა კოჟორიძის შეფასებით, მსგავსი რეგულაციების დაწესება ირაციონალურია და ადვოკატთა კორპუსი მზად არის, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართოს.
„ბუნებრივია, შევეცდებით ამ გაუგებარი და არასწორი ნორმის წინააღმდეგ წავიდეთ სიტყვით, საქმით, განცხადებით, პროტესტის ფორმით და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს, თუმცა თავად კახა კოჟორიძე მოვლენების ოპტიმისტურ განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, სისტემაში არსებული მდგომარეობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადვოკატების უფლებები არ დაირღვევა.
„იმდენად ირაციონალურ შეზღუდვებს ვუყურებ ხშირად, რომ, რომ გითხრათ, დარწმუნებული ვარ, ადვოკატის უფლებებს მოქმედი ხელისუფლება არ დაარღვევს-მეთქი, ძალიან მიამიტური პასუხი იქნება. ამიტომ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ“, - აღნიშნა კოჟორიძემ.
კითხვაზე - თუ რა იქნება ადვოკატთა ასოციაციის რეაგირება, თუკი აკრძალვა საბოლოოდ ამოქმედდება (რისთვისაც სასამართლოებში სპეციალური კარადებიც კი დამონტაჟდა), კახა კოჟორიძე პასუხობს, რომ ბრძოლა ყველა ფრონტზე გაგრძელდება.
„მაქსიმუმი არის ის, რომ გარდა მძაფრი პოზიციის დაფიქსირებისა, გამოვიყენოთ სამართლებრივი ბერკეტები. ვიცი, რომ ადვოკატების ნაწილს ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. ჩვენი მხრიდან ამ სარჩელის მიმართ სრული მხარდაჭერა იქნება. პირადად მე მხარს ვუჭერ ამ იდეას და სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები ბოლომდე იქნეს გამოყენებული. არსებობს პროტესტის ფორმებიც და მე ამის მომხრეც ვარ ხოლმე“, - თქვა იურისტმა.
ადვოკატებისთვის სასამართლოში მობილურის შეტანის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს
კახა კოჟორიძემ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა სხვა „აუხსნელ“ აკრძალვებზეც, რომლებიც უკვე მოქმედებს. მაგალითად, მან სასამართლოს ეზოს გვერდითა კარის ჩაკეტვა მოიყვანა, რაც ბარიერებს უქმნის როგორც პროცესის მონაწილეებს, ისე თავად სასამართლოს აპარატს.
„ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ დაიკეტა სასამართლოს ეზოში შესასვლელი გვერდითა კარი. ამის რაციონალური ახსნა არ არსებობს. ეს პრობლემას უქმნის ადვოკატებს და თავად სასამართლოს თანამშრომლებსაც. გაუგებარია, ეს საშიშროება მთავარი შესასვლელიდან რატომ არ არის და იქიდან რატომ არის?! ეს ყველაფერი აუხსნელია“, - აღნიშნა გამოცდილმა ადვოკატმა.




























