იმისთვის, რომ ხელისუფლების ქვემოდან რღვევა არ მოხდეს, "ოცნება" იმ ადამიანებს წაახალისებს, რომლებიც დასანქცირებული არიან. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ IDFI-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სახელმწიფო აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს ფინანსურ დანაკლისს აუნაზღაურებს. მან აღნიშნა, რომ დასანქცირებული პირებისთვის საჭიროების შემთხვევაში კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კლდიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამჟამად სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დასანქცირებულები წაახალისოს.
„სხვა რა გამოსავალი აქვს "ქართულ ოცნებას", გარდა იმისა, რომ წაახალისოს ის ადამიანები, რომლებიც დასანქცირებული არიან, მოხვედრილი არიან ფინანსურ თუ სხვა სანქციებში, ეს იქნება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის თუ ევროკავშირის მხრიდან. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სისტემის ქვემოდან რღვევა არ მოხდეს“, - აცხადებს კლდიაშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს "მაგნიტსკის გლობალური აქტით" ფინანსური სანქციები დაუწესა.