დღეს 17:00 საათიდან რუსთაველის თეატრთან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, რეჟისორები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. მსახიობები პროტესტს გამოთქვამენ, ერთი მხრივ, პროევროპული აქციების ძალადობრივი დარბევის, მეორე მხრივ კი, თეატრალური დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას იმ განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსთაველის თეატრი აპოლიტიკური რჩება.
უკვე მეორე დღეა, სხვადასხვა თეატრის მსახიობების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, გაფიცულები არიან. რუსთაველის თეატრის წინ შეკრებილ ხელოვანებს თეატრის ადმინისტრაციასთანაც სურდათ შეხვედრა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის მისამართით რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს:
- დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავი უწყებების, სუს-ის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შსს-ის პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით;
- გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და სამშობლოს მომავლისთვის მებრძოლი, აქციების დროს უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები;
მსახიობებმა რუსთაველის თეატრის წინ გამზირი გადაკეტეს და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს 19:00 საათიდან პროდასავლური დემონსტრაციების სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან.
ფოტო: პუბლიკა