გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალი ანალიზის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტით სულ მცირე 20 მილიონ ბავშვს უსარგებლია ერთხელ მაინც, ამასთანავე, ბევრმა ახალგაზრდამ ეს ტექნოლოგია უფროსებზე ბევრად სწრაფად აითვისა.
10 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა სააგენტომ განაცხადა, რომ ბავშვები უფროსებს უსწრებენ და ტექნოლოგიას "სამჯერ უფრო სწრაფად ითვისებენ".
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2 მილიონზე მეტი ბავშვი (ანუ ყოველი მეათე), ხელოვნურ ინტელექტს "იმ საკითხებზე რჩევისთვის მიმართავს, რომლებიც მათ აწუხებთ". დაახლოებით 13-მა მილიონმა ბავშვმა კი აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს სწავლისა და საშინაო დავალებების მომზადების პროცესში იყენებს.
UNICEF-ში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის სწრაფი ათვისება ბევრად უსწრებს მისი რეგულირების მცდელობებს, რაც ბავშვებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.
"ბავშვები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე - მათ დიზაინზე, ბიზნესმოდელებსა და იმაზე, თუ როგორ გამოიყენება მათი პირადი მონაცემები - თუმცა მათ გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, თავი აარიდონ ან შეეწინააღმდეგონ ამას", - განაცხადეს სააგენტოში და დასძინეს, რომ "ხელოვნური ინტელექტის მართვის უმეტეს სისტემებში ბავშვების ინტერესები პრიორიტეტული არ არის".
ორგანიზაციამ ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიანი გავლენა ახალგაზრდებზე ჯერ კიდევ დიდწილად უცნობია.
"მტკიცებულებები მისი როლის შესახებ კოგნიტურ განვითარებაში, ემოციურ დამოკიდებულებასა და ზიანის მიყენების რისკებზე მხოლოდ ახლა იწყებს გამოჩენას", - აცხადებენ UNICEF-ში.
ანალიზის მიხედვით, გამოკითხულ ქვეყნებში ბავშვების მესამედმა განაცხადა, რომ აწუხებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება "სხვების მოსატყუებლად და თაღლითობისთვის, ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად". მეოთხედს კი ეშინია, რომ მათი ფოტოები ან ვიდეოები შესაძლოა სექსუალური ხასიათის პორნოგრაფიული დიფფეიქების (deepfakes) შესაქმნელად გამოიყენონ.
UNICEF-ის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ბევრი სისტემა ბავშვებს არასათანადო დაცვით მიეწოდებათ და უსაფრთხოების საკითხი "თითქოს მეორეხარისხოვანია".
ეს შედეგები გაეროში ხელოვნური ინტელექტის მართვის შესახებ პირველი გლობალური დიალოგის წინ გამოქვეყნდა.
იუნისეფი მოუწოდებს მთავრობებს, კერძო სექტორსა და სხვა პარტნიორებს, ხელოვნური ინტელექტის გლობალურ მართვაში ბავშვთა უფლებები, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და დაცვის უფლება გაითვალისწინონ.
სააგენტოს რეკომენდაციები მოიცავს ინვესტიციების განხორციელებას იმ კვლევებში, რომლებიც ბავშვების განვითარებასა და კეთილდღეობაზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენას სწავლობენ, განსაკუთრებით რისკების კუთხით.
იუნისეფმა მიმდინარე პერიოდი შეაფასა როგორც "გადამწყვეტი მომენტი" და აღნიშნა, რომ "დღეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს ბავშვების უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას, კეთილდღეობასა და მათ თანაბარ ხელმისაწვდომობას შესაძლებლობებზე მომავალი ათწლეულების განმავლობაში".



























