ჯანდაცვის გლობალური რისკების ახალი შეფასების თანახმად, ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებამ ან ბირთვულმა ომმა შესაძლოა 2100 წლისთვის კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს.
ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ადამიანთა ჯანმრთელობისთვის 17 ძირითადი საფრთხეა იდენტიფიცირებული, რომელთა სათავეშიც სწორედ ეს ორი ფაქტორი მოექცა. სიაში ასევე შედის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, კლიმატის ცვლილება, პანდემიები, შემოსავლების უთანასწორობა, თამბაქოს მოხმარება, ჭარბწონიანობა და მენტალური ჯანმრთელობა.
კვლევის მიხედვით, ბირთვული კონფლიქტი არა მხოლოდ უშუალოდ რაკეტების დარტყმას, არამედ მის შემდგომ შედეგებსაც მოიცავს, როგორიცაა "ბირთვული შიმშილობა", ხოლო AI-ის ბოროტად გამოყენებაში ადამიანების წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის შექმნა და გამოყენება იგულისხმება.
კვლევა 21-ე საუკუნის გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების საკითხებში Lancet-ის ახალმა კომისიამ ჩაატარა, რომელიც ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სფეროს 37 ექსპერტისგან შედგება.
მათ შეფასების მეტრიკად შრომის უუნარობით დაკარგული წლები (DALY - Disability-adjusted life year) გამოიყენეს, რათა 2025-დან 2100 წლამდე პერიოდში თითოეული საფრთხე 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ასაკის, სქესისა და მიზეზების მიხედვით შეედარებინათ.
კვლევა აჩვენებს, რამდენი ჯანსაღი სიცოცხლის წელი შეიძლება დაკარგოს კაცობრიობამ თითოეული გლობალური საფრთხის გამო, საუკეთესო და ყველაზე ცუდი სცენარების მიხედვით.
17 საფრთხის შედეგად პოტენციური ზარალი 1.02 მილიარდიდან 23.1 მილიარდ DALY-მდე მერყეობს. შედარებისთვის: COVID-19-ის პანდემიამ დაახლოებით 500 მილიონი DALY გამოიწვია. ყველაზე დიდი კუმულაციური მოსალოდნელი ტვირთი კი ჭარბწონიანობაზე მოდის.
კომისიის მიზანია მთავრობების წახალისება, რათა მათ საჭირო ინფორმაცია და ინსტრუმენტები მიიღონ გლობალური საფრთხეებისთვის მოსამზადებლად და უარესი სცენარების თავიდან ასაცილებლად გადამჭრელი ზომები ახლავე გაატარონ. თუმცა, ავტორები განმარტავენ, რომ მათი მიზანი საფრთხეების ხისტი რანჟირება არ არის - ეს არის დინამიკური პროცესი, სადაც დასკვნები ახალი მონაცემების შეგროვებასთან ერთად განახლდება.
კომისია მთავრობებს უპირველეს ყოვლისა ურჩევს, ინვესტიციები "საფრთხეებისთვის მზადყოფნაში მყოფი ჯანდაცვის სისტემების" შექმნაში ჩადონ, რათა მომავალ გლობალურ გამოწვევებს მომზადებულნი დახვდნენ.
ისინი სახელმწიფოებს ისეთ "გარღვევის მომტან გადაწყვეტებში" მეტი ინვესტიციისკენ მოუწოდებენ, როგორებიც თერმობირთვული სინთეზი და ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიებია, რასაც კლიმატის ცვლილების შედეგებზე რადიკალური გავლენა ექნება.
კომისია რეგულარულ მონიტორინგსა და რისკების შეფასებას მოითხოვს, რომლის შედეგებიც ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა წარედგინოს, როგორებიც G20 და გაერო არიან, რათა პრობლემების მოგვარება კრიზისამდე დაიწყოს და არა ქვეყნების ინდივიდუალური, იზოლირებული მოქმედებებით.
კომისიის დასკვნები ბერლინში გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო სამიტზე (World Health Summit) წარადგინეს. შეფასება ყოველწლიურად განახლდება ახალი მონაცემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.
























