მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელოვნურად შექმნილ სამუშაოზე დასაქმებულები" - რა ბედი ელის 200 ათასზე მეტი ადამიანის სოცდაუცველის სტატუს

ხალხი ქუჩა

2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, ჩერდება.

მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა 300 ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველის სტატუსაც.

ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ დასაქმების პროგრამა აღარ გაგრძელდება: "სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა არსებული ფორმით აღარ გაგრძელდება, რადგან პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 4-წლიანი ციკლი ამოიწურა".

2022 წელს, როცა უკვე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ეს პროგრამა დაიწყო, მოსარგებლე ოჯახებს სახელმწიფო ოთხი წლით აღარ ამოწმებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდებოდათ. საუბარია 246 ათასზე მეტ ადამიანზე, თუმცა შეუწყევეტენ თუ არა მათ სოცდაუცველის სტატუსს შესაბამისად დახმარებას, ეს ჯერ უცნობია.

უნდა ითქვას ისიც, რომ სწორედ ეს პროგრამა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. შედეგად, 2024 წელს მოსახლეობის 18% იღებდა სოციალურ დახმარებას მაშინ, როცა ქვეყანაში ოფიციალურად სიღარიბის დონე მხოლოდ 9.4%-ია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2026 წლიდან სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველები აღარ იქნებიან დაქირავებულები.

"თავიდანვე განცხადებული იყო, რომ ოთხწლიანი ციკლი უნდა ჰქონოდა ამ პროგრამას. გავიდა ოთხწლიანი ციკლი. დღეს უკვე, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ეს პროგრამა დაიწყო (2021 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება და 2022 წელს დაიწყო), შრომის ბაზარზე პირიქით დეფიციტია. მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი კოვიდიდან გამომდინარე, გაზრდილი იყო. დღეს ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტია. ბევრი კომპანია სწორედ ამას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, ის რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ეს ადამიანი დავასაქმოთ და შრომის ბაზარს კიდევ უფრო მეტი დეფიციტი შევუქმნათ, არ იქნება სწორი. თუ რაიმე დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ადამიანებს, ეს იქნება მხოლოდ მათი გადამზადება, იმისათვის, რომ სადაც დეფიციტი რეალურად არსებობს, შეეძლოთ დასაქმება", - ამბობს კაკაურიძე.

მაგრამ მოამზადა კი სახელმწიფომ ეს ადამიანები დასაქმების ბაზრისთვის? როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ - არა.

“სოციალური დასაქმების პროგრამა, რაც ქვეყანაში გვქონდა, იყო არამედ დასაქმების პროგრამა, არამედ სოციალური დახმარების პროგრამა. ვიცით, რომ ამ ადამიანების დასაქმება ხდებოდა ხელოვნურად შექმნილ სამუშაო ადგილებზე. ბიუჯეტიდან ვუხდიდით 300 ლარს. ამ პროგრამაზე დასაქმებულ ადამიანებს არ აძლევდნენ იმ უნარებს, რაც შემდგომში შრომის ბაზარზე გამოადგებათ", - ამბობს FactCheck-ის უფროსი ანალიტიკოსი თეონა აბსანძე.

თეონა აბსანძე გვეუბნება, რომ, დასაქმების სახელმწიფო პროგრამას სარგებელიც ჰქონდა, მაგალითად სიღარიბისა და უმუშევრობის ოფიციალურ სტატისტიკას ამცირებდა.

“ამ პროგრამის ფარგლებში ფორმალურად იზრდებოდა დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებელი. გარდა ამისა, მთლიანად სოციალურად დაუცველთა პროგრამა, რაც მოიცავს სოციალურ შემწეობას, დასაქმების პროგრამას, ბავშვთა დახმარება და ა.შ. უზრუნველყოფდა იმას, რომ მოწყვლად და ღარიბ ოჯახებს ქვეყანაში ჰქონოდა საარსებო მინიმუმი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა იმას, რომ ისინი შემდეგ აბსოლუტურ სიღარიბის სტატისტიკაში არ მოხვედრილიყვნენ. საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვებელზე", - ამბობს აბსანძე.

მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას იგივე სოციალურ დახმარებას 708 245 ადამიანი იღებდა. აქედან 246 ათასზე მეტი სწორედ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე იყო.

მათ დახმარებაზე მხოლოდ ოქტომბერში ბიუჯეტიდან 71 167 499 ლარი დაიხარჯა. ოფიციალური სტატისტიკით მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული.

“ამ ფორმით ხელოვნურად სამუშაო ადგილების შექმნა არ მუშაობს არსად და არ იმუშავა საქართველოშიც. “ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ პოლიტიკური ასპექტი იყო მნიშვნელოვანი, ამ მიზანს “ქართულმა ოცნებამ” მეტად თუ ნაკლებად მიაღწია და როცა ფული უკვე აღარ არის ბიუჯეტში ასეთი დაფინანსების რესურსიც აღარ აქვს. ამიტომ იღებს გადაწყვეტილებას რომ შეაჩეროს. კიდევ კარგი ასეთი პროგრამებისთვის “ქართულ ოცნებას” ფული არ აქვს, რადგან ისინი აფუჭებს შრომით მორალს და აბსოლუტურად არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს", - აცხადებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.

და მაინც რამდენი იხარჯებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე? პროგრამის ბიუჯეტი 2022 წელს 48 მილიონიდან 2025 წელს თითქმის 113 მლნ მილიონ ლარამდე გაიზარდა.

“ეს პროგრამა ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს. 300 ლარს აძლევდნენ ადამიანებს არაფრის კეთებაში. ანუ ადამიანები არ ქმნიდნენ არანაირ პროდუქტს. ალბათ გახსოვთ, რომ თიანეთის სასაფლაოს 124 ადამიანი იყო დასაქმებული. ანუ ნახევარ მილიარდამდე გადაიყარა იმაში, რომ არაფერი შეიქმნა. არც შეაფასებენ და რომც შეაფასონ არ გამოაქვეყნებენ, რადგან ეფექტიანობა ძალზე დაბალი იყო. ვე მივიღეთ ვერც ამ ადამიანების დასაქმება და ვერც მათი უნარ-ჩვევების და ახალი ცოდნის მიღება. არაფერი ხდებოდა, უბრალოდ ხდებოდა 300 ლარის მიცემა და არჩევნების დროს დაშინება. არ მომცემ ხმას, ეს 300 ლარიც არ გექნება", - ამბობს ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ვატო სურგულაძე

ფაქტია, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაწყებული სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა შეჩერდება. 2026 წლის წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მთავრობას პროგრამისთვის მხოლოდ 22 მლნ ლარამდე აქვს გამოყოფილი, მაშინ როცა ბიუჯეტის მეორე ვერსიაში 113 მილიონზე მეტი უნდა დახარჯული. ამ ეტაპზე ღიად რჩება მთავარი საკითხი შეუნარჩუნდება თუ არა პროგრამით მოსარგებლე 200 ათასზე მეტ ადამიანს სოცდაუცველის სტატუსი და შესაბამისად დახმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები