მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელოვნური დეფიციტი" არის ძალიან მტკივნეული მოსასმენად, ასეთი რაღაც არ ხდება - PSP ჯგუფი

გიორგი რამიშვილი

PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ქსელების მხრიდან მედიკამენტების ხელოვნური დეფიციტი არ იქმნება. მან ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სიტყვა ხელოვნური დეფიციტი არის ძალიან მტკივნეული მოსასმენად. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება რომელიმე აქ მჯდომ ორგანიზაციას ჰქონდეს ნაშთი საწყობში და არ გაყიდოს. ასეთი რაღაც არ ხდება. არავის თავში აზრად არ მოუვა მსგავსი რა.

მეორე არის, რომ თუკი ჩვენ გვინდა, ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ცოტა იყიდება, მოსახლეობის ვიწრო ნაწილს სჭირდება, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, ამაზე შეიძლება გვქონდეს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან, შემოვიტანოთ ეს მედიკამენტები სპეციალური რეგისტრაციებით და იქნება ბაზარზე", - აღნიშნა მან.

შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, რამდენად არიან მზად, სამინისტროსთან ერთად, განსაკუთრებული დანიშნულების მედიკამენტების ცალკე კალათის შექმნაზე, რაზეც განისაზღვრება მომხმარებლებისთვის და სექტორისთვის ოპტიმალური ფასნამატი, გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა შესაძლებელია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელი იქნება. მცირე რაოდენობით როცა სჭირდება ქვეყანას, მწარმოებელს არ უღირს ხოლმე პატარა ბაზარზე თავის შეწუხება მედიკამენტების რეგისტრაციისთვის. თუ კალათას ჩამოვაყალიბებთ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგისტრაციაში მკვეთრად შეუძლია დახმარება, ეს გაამარტივებს ამ მედიკამენტების პარალელური იმპორტით შემოტანას",- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

პარლამენტში შექმნილი ფასების საპარლამენტო დროებით კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, 25 თებერვალს და 5 მარტს დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს მოუსმინეს, 11 - 16 მარტს კი სხდომაზე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რიტეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს. ქსელური მარკეტების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ "ქეშბექს" ხშირ შემთხვევაში დისტრიბუტორები სთავაზობენ, კონკურენტების ბაზრიდან გაყვანის სანაცვლოდ, ქსელები კი ქეშბექებს ფასდაკლებისთვის იყენებენ.

30 აპრილს კომისიამ ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები