მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნური ინტელექტი და მოსახლეობის აღწერის შედეგები - როგორია საქსტატის გეგმები?

გოგიტა თოდრაძე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2026 წლის გეგმები გააცნო. მისი ინფორმაციით, უწყება, თანდათანობით, ტრადიციული მეთოდებიდან ციფრულ ტრანსფორმაციაზე გადადის, წელს მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას და მუშაობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) აქტიურ ინტეგრაციას გეგმავს.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქსტატი სულ უფრო მეტად შორდება მონაცემთა შეგროვების მხოლოდ ტრადიციულ მეთოდებს და აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიებზე აკეთებს. მისი თქმით, მომხმარებელთა მოთხოვნა დისაგრეგირებულ (დეტალურ) მონაცემებზე მუდმივად იზრდება.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღითი-დღე იზრდება სხვადასხვა მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა უფრო მეტად დისაგრეგირებულ მონაცემებზე, რასაც ვეღარ უმკლავდება ფაქტობრივად, მონაცემთა შეგროვების ტრადიციული მეთოდები. ამიტომ, დღის წესრიგში დგას ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები, რაზეც, ჩვენი გუნდი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს.

ამ მიმართულებით აღსანიშნავია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ უკვე ვიყენებთ. ერთ-ერთი გახლავთ სკანერული მონაცემები, რომელსაც მეორე წელია სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების პროცესში ვიყენებთ, ასევე, უკვე 2022 წლიდან აქტიურად ვიყენებთ ე.წ. „ვებ სკრეპინგს“ ანუ ვებგვერდებიდან მონაცემების ავტომატური ჩამოტვირთვა, უძრავი ქონების ფასების ინდექსის გასაანგარიშებლად. ასევე, იგეგმება, დიდი მონაცემების - ე.წ. მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის მონაცემების გამოყენება შიდა მიგრაციის და ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის საწარმოებლად. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ გასულ წელს ჩვენ გვქონდა საპილოტე პროექტი - ე.წ. დისტანციური ზონდირების მეთოდი აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც, ვგეგმავთ, რომ გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის სტატისტიკის საწარმოებლად" - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

წელს, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სტატისტიკის წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის როლის გაზრდაა. თოდრაძის განმარტებით, AI არა მხოლოდ მონაცემთა დამუშავებაში, არამედ მათ ანალიზსა და ხარისხის კონტროლშიც ჩაერთვება.

„გეგმავთ გადავიდეთ კიდევ უფრო მეტად ინოვაციურ მიმართულებაზე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით... ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რუტინა მაქსიმალურად გამოვათავისუფლოთ და ადამიანური რესურსი უფრო მეტად განვითარებაზე და შემოქმედებაზე მივმართოთ“, - განაცხადა საქსტატის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება 2024 წლის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის შედეგებს, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, მონაცემთა გამოქვეყნება ორ ეტაპად იგეგმება: აპრილის ბოლოს: გამოქვეყნდება მოსახლეობის რიცხოვნობა, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. ივნისში კი, ხელმისაწვდომი გახდება დეტალური ინფორმაცია ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების, დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ.

ამავე პერიოდში გასაჯაროვდება სოფლის მეურნეობის აღწერის მონაცემებიც, რაც მოიცავს ინფორმაციას მიწის ფართობების, ვაზის ჯიშების, პირუტყვის სულადობისა და სხვა აგრარული პარამეტრების შესახებ.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქსტატის ეფექტურობის ზრდაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უწყების ვებსაიტით გასულ წელს 1 მილიონზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა. მისი თქმით, უწყების ძირითადი ბიუჯეტი წელს 9.7%-ით გაიზარდა და 18.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, მისივე განცხადებით, საქსტატი ნერგავს პროცესებზე დაფუძნებულ მოდელს (GSBPM), რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ქართულ სტატისტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ნდობის გაძლიერება და საიმედოობის განმტკიცება ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, - ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები