რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი პაპობის პირველი მნიშვნელოვანი სასწავლო დოკუმენტი, ენციკლიკა წარადგინა, რომელშიც საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე აფრთხილებს.
ენციკლიკები კათოლიკე ეპისკოპოსებისადმი მიწერილი ეპისტოლეებია, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისინი პაპის მიერ მთელი მსოფლიოსთვის გაგზავნილ გზავნილებად იქცა.
"ხელოვნური ინტელექტი უნდა განიარაღდეს. ვიცი, რომ ეს მკაცრი სიტყვაა, მაგრამ შეგნებულად შევარჩიე, რადგან ამ მომენტს ისეთი სიტყვები სჭირდება, რომლებსაც ყურადღების მიპყრობა შეუძლია", - განაცხადა პაპმა.
მიუხედავად იმისა, რომ წერილი ძირითადად ხელოვნურ ინტელექტს ეხებოდა, პაპმა ლეომ მასში მონებით ვაჭრობაში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშიც მოიხადა.
"შეუძლებელია არ იგრძნო ღრმა მწუხარება, როდესაც ფიქრობ იმ უზარმაზარ ტანჯვასა და დამცირებაზე, რაც ამდენმა ადამიანმა გადაიტანა", - წერს პაპი და დასძენს, რომ ის ეკლესიის სახელით "გულწრფელად ითხოვს პატიებას".
ლეომ მონებით ვაჭრობა ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მსოფლიო კვლავ დგას ადამიანთა ექსპლუატაციის ნორმალიზების საფრთხის წინაშე - როგორც AI-ის წარმოების, ისე მისი გამოყენების პროცესში.
დოკუმენტში პაპის მიერ მოყვანილი ზოგიერთი ყველაზე მძაფრი მეტაფორა სწორედ მონობას უკავშირდება. მან პარალელები ტრადიციული მონობის ისტორიულ ტრაგედიასა და "ახალი ციფრული მონობის" მზარდ საფრთხეებს შორის გაავლო.
პონტიფიკოსმა ივარაუდა, რომ არსებობს ექსპლუატაციის მსგავსი ნორმალიზაციის რისკი და კაცობრიობა ახლა ანალოგიურ მორალურ გზაჯვარედინზე იმყოფება.
უჩვეულო იყო ის ფაქტიც, რომ პაპმა ლეომ ენციკლიკა, სახელწოდებით "Magnifica Humanitas" ("დიდებული კაცობრიობა"), ვატიკანში თავად წარადგინა. მასთან ერთად იყვნენ AI-ის ექსპერტები, მათ შორის ამერიკული AI გიგანტის, Anthropic-ის თანადამფუძნებელი კრისტოფერ ოლაჰი.
ენციკლიკის პრეზენტაციის შემდეგ ოლაჰმა აღნიშნა, რომ ყველა AI ლაბორატორია (მათ შორის მისი) "სტიმულებისა და შეზღუდვების ისეთ სისტემაში მოქმედებს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება, სწორი ნაბიჯების გადადგმას ეწინააღმდეგებოდეს".
პაპის ენციკლიკა (რომელშიც AI-ის ბევრი პოტენციური საფრთხეც არის აღიარებული), მკაცრი და პირდაპირი გზავნილია ძალაუფლების მქონე პირებისთვის, რათა მათ ამ საფრთხეების შეკავებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.
მაგალითად, პაპმა დაგმო ხელოვნური ინტელექტის ომში გამოყენება. მან აღნიშნა, რომ იარაღზე ადამიანური კონტროლის შემცირება კიდევ უფრო ართულებს ომის "სამართლიანად" მიჩნევას და საზოგადოებას AI-შეიარაღების რბოლის დაწყების წინააღმდეგ გააფრთხილა.
"ვერცერთი ალგორითმი ვერ გახდის ომს მორალურად მისაღებს", - წერს პაპი.
ლეომ ასევე დაგმო AI-ის გავლენა პოლიტიკაზე - მაგალითად, როგორ გამოიყენება ის სურათებისა და ვიდეოების მანიპულირებისთვის, რაც, მისი თქმით, ადამიანებს მიკერძოებულ ან შეცდომაში შემყვან პერსპექტივებს ახვევს თავს.
დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში პაპმა პირდაპირ მიმართა "სპეციალური მოწოდებით" მათ, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს: "დეველოპერებს აკისრიათ განსაკუთრებული ეთიკური და სულიერი პასუხისმგებლობა, რადგან დიზაინის ყოველი არჩევანი კაცობრიობის ხედვას ასახავს".




























