თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი 2020-იანების მთავარი ტექნოლოგიაა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. კონკრეტულად რა ცვილებებს მოიტანს ეს ტექნოლოგია - დროის საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ბაზარზე უკვე გამოჩნდა, ადამიანების ბევრ რუტინულ საქმეს ამარტივებს. ამ ტექნოლოგიას, ცხადია, ახლავს რისკებიც, რომელთა შესახებ ბევრი ინვესტორი ღიად საუბრობს. ხელოვნური ინტელექტით შექმნილ გაურკვევლობაზე აპელირებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი, უორენ ბაფეტი. Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნით, კაცობრიობამ ჯინი გამოათავისუფლა - ისევე, როგორც ეს ატომური იარაღის შექმნის დროს მოხდა.
“ხელოვნური ინტელექტის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის არსებობას ან მნიშვნელობას უარვყოფ. გასულ წელს ვთქვი, რომ ბირთვული იარაღის შექმნით, ჯინი გამოვათავისუფლეთ და ეს ჯინი, ბოლო დროს, საშინლად იქცევა და მე პირადად, ძალიან მაშინებს, რადგან არ ვიცით, ის ბოთლში როგორ უნდა დავაბრუნოთ. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებითაც ასეთი მდგომარეობაა, რადგან ჯინი ნაწილობრივად გამოვათავისუფლეთ. ეს ტექნოლოგია ვიღაცამ მაინც უნდა განავითაროს და შეიძლება ვთქვათ, უკეთესი იქნებოდა ის რომ არასდროს არ გვენახა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ეს ჯინი საოცარ საქმეებს გააკეთებს. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ამის შეფასება შეუძლია, ისევე, როგორც არ ვიყავი ადამიანი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს სიტყვა ეთქმოდა, 20,0000-ტონიანი ბომბის გამოყენება სწორი იყო თუ არა. თუმცა იმ დროს იყო აინშტაინი, რომელმაც თქვა, რომ ბომბის დეტონაციის შემდეგ, შესაძლებელი იყო, სამყაროს არსებობა შეეწყვიტა. იმ დროს გადავწყვიტეთ, ჯინი გამოგვეთავისუფლებინა. ახლა, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მსგავსი ვითარებაა.
ერთი, რასაც ვიტყვი ისაა, რომ ცოტა ხნის წინ ვიდეო ვნახე, რომელშიც ადამიანი იყო გამოსახული, რომელიც მგავდა, ჩემსავით საუბრობდა და ჩემსავით ეცვა. ის იმდენად რეალური იყო, რომ ჩემი ცოლი და შვილები განსხვავებას ვერ შეამჩნევდნენ. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ გამოსახულება ისეთ რამეს ამბობდა, რასაც მე არასდროს ვიტყოდი. ხელოვნური ინტელექტით ადამიანების შეცდომაში შეყვანის მასშტაბი, უბრალოდ უკიდეგანოა. წარმოიდგინეთ, რომ ჩემი ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ვამბობ, რომ 50,000 დოლარი მჭირდება. თაღლითობა ამერიკაში ყოველთვის იყო და ხელოვნურ ინტელექტს დადებითი პერსპექტივაც აქვს, მაგრამ ამ მხრივ რჩევის მიცემა არ შემიძლია. ამ ტექნოლოგიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციონერებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ Berkshire Hathaway-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $889 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, უორენ ბაფეტის კომპანია მსოფლიოს უდიდესი კომპანების ჩამონათვალში მე-8 ადგილს იკავებს.