მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხომ არ იგეგმება რიკოთის მაგისტრალის ფასიან მონაკვეთად გადაკეთება? - TCRC-ის შეფასება

გზა
10.06.26 12:04
283

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს მოკლე და გრძელვადიანი ხედვა ფასიან გზებთან დაკავშირებით.

ცენტრში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონის ალტერნატიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებაზე აჩენს კითხვას, ხომ არ უკავშირდება ეს აღმოსავლეთ - დასავლეთის რიკოთის მაგისტრალის ფასიანად გადაკეთებას.

კვლევის ცენტრის განცხადებითვე, მიუღებელია, მოსახლეობა პოსტფაქტუმ დადგეს ფასიანი გზების ამოქმედების რეალობის წინაშე.

"ახლახან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას ეხებოდა.

აღნიშნული მონაკვეთი ე.წ. გაჭიანურებულ და მრავალჯერ გადავადებულ პროექტთა ნუსხას მიეკუთვნება, რომლის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, ამიტომ სამინისტროს განცხადებაში უჩვეულო არაფერია. პირიქით, სამინისტროს მცდელობა, პროექტი შემჭიდროებულ ვადებში დაასრულოს, მისასალმებელია.

განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, სადაც აქცენტი საგზაო მონაკვეთის “ალტერნატიულობის” კომპონენტზეა გადატანილი, დამატებით კითხვას ბადებს, ხომ არ იგეგმება გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდგომ რიკოთის მაგისტრალის ფასიან მონაკვეთად გადაკეთება?

ტექნიკურად, არსებობს ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის გზა, რომელიც თითქმის რეაბილიტირებულია და სრულად ასფალტობეტონის საფარი გააჩნია, მაგრამ იგი პროექტირებული იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის მოძრაობისთვის. მძიმე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის სრულად ადაპტირებული არ არის, ამიტომ მისი გამოყენება მძიმე სატვირთოების მასობრივი მოძრაობისთვის შეზღუდულია და ალტერნატივად ვერ გამოიყენება.

ფასიან გზებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ყოველი მომდევნო მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის საავტომობილო მაგისტრალების ფასიან გზებად გადაკეთების აუცილებლობას აანონსებდა.

კონკრეტულად, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით ტარდებოდა სათანადო კვლევები, რათა დადგენილიყო - გზის რომელი მონაკვეთი, როდის და რა ფასიანი შეიძლება გამხდარიყო.

ნათელია, რომ მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ფასიან გზებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადასახადის დაწესება სენსიტიურ საკითხს წარმოადგენს, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას წინმსწრებად გააცნოს ფასიან გზებთან დაკავშირებით მოკლე და გრძელვადიანი ხედვის შესახებ. მიუღებელია, მოსახლეობა პოსტ-ფაქტუმ დადგეს ფასიანი გზების ამოქმედების რეალობის წინაშე.

მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, საფასური, რომელიც საავტომობილო გზებზეა დაწესებული, არსებული გზის მოვლა - შენახვის ან ახლის ასაშენებლად დახარჯული თანხების დასაფარავად უნდა გამოიყენებოდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 209 ადგილობრივი მნიშვნელობის და 13 საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ფუნქციონირებს.

იმისათვის, რომ ფასიან გზებთან დაკავშირებით კითხვას პასუხი გაეცეს, აუცილებელია გაანალიზდეს, თუ რა მოცულობის თანხების აკუმულირება ხდება სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზით სარგებლობის საფასურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში და რამდენად წვდება ბიუჯეტში შემოდინებული თანხა საავტომობილო გზების მიმდინარე მოვლა - შენახვისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სადღეისოდ ქვეყანაში ფასიანი გზების გადასახადი არ არსებობს. ტრანზიტად მოძრავი ქართველი და უცხოური დატვირთული სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთისას იხდის გზით სარგებლობის 350 ლარის საფასურს.

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გზით სარგებლობის საფასურის სახით 171 მლნ ლარი იქნა შეტანილი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყანაში 7000 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქსელის მიმდინარე მოვლა-შენახვაზე, ზამთრის მომსახურებასა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე ყოველწლიურად 170-250 მლნ ლარის ფარგლებში ხარჯავს, ხოლო თუ პერიოდულ შეკეთებებსაც დავუმატებთ, მაჩვენებელი 300 – 350 მლნ ლარს მიუახლოვდება.

2026 წელს სახელმწიფო მნიშვნელობის გზების ქსელის საშუალო მიმდინარე მოვლა-შენახვის ღირებულება 27 000–37 000 ლარია 1 კმ-ზე წელიწადში.

გზით სარგებლობის საფასურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხები ქვეყნის საგზაო მაგისტრალების მიმდინარე მოვლა - შენახვისა და რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის სანახევროდაც საკმარისი არ არის.

როგორც გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის გზის მონაკვეთის, ასევე სხვა ნებისმიერი საგზაო მონაკვეთის ალტერნატივად შესაძლო გადაკეთების დასაბუთება, ყოველივე ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურმა კვლევამ უნდა დაადგინოს.

საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზების ფასიანად გადაკეთების შესაძლებლობა კვლევას უნდა ემყარებოდეს და სწორედ კვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს - სად, როდის და რა ღირებულების შეიძლება გახდეს ესა თუ ის ავტომაგისტრალი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა, დღემდე არ გამოქვეყნებულა და საექსპერტო წრეებშიც არ განხილულა.

აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, ქვეყანაში ფასიანი გზების გამოყენების შეჯერებული ვარიანტი არ არსებობს და საკითხი ჯერ - ჯერობით გაურკვეველ მდგომარეობაშია.

დასკვნის სახით - ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს მოკლე და გრძელვადიანი ხედვა ფასიან გზებთან დაკავშირებით",- აღნიშნავენ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ₾104-მილიონიანი გზის მშენებლობა ამ დრომდე დაუმთავრებელია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები