საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ახალი კომპანიის დასაფუძნებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი კაპიტალური ინვესტიციაა გათვალისწინებული. თანხა მოხმარდება ტექნიკური ბაზის ფორმირებას, სპეციალიზებული ტექნიკის შეძენას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას. ჯერჯერობით, 2026 წლის ბიუჯეტში ეს თანხა გათვალისწინებული არაა.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 119 ერთეული თანამედროვე ტექნიკა უნდა შეიძინოს. მათ შორის, ზამთრის მოვლა-შენახვისთვის 65 ერთეული ტექნიკის შესაძენად დაახლოებით 30.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ზაფხულის სეზონისთვის საჭირო 54 ერთეული ტექნიკისთვის – 16.4 მილიონი ლარი. დამატებით 15.6 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის, IT სისტემებისა და საწყისი მარაგების შექმნაზე.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცვლილების აუცილებლობას ბოლო წლებში აშენებული ახალი ავტომაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების ზრდით ხსნის. განმარტებითი ბარათის მიხედვით, თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვა უფრო რთული გახდა და საჭიროებს ცენტრალიზებულ, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მიდგომას. უწყება განსაკუთრებით გამოყოფს E60-ის გორი-არგვეთას მონაკვეთს, რომლის სიგრძე 105 კილომეტრია და რომელიც 138 ხიდსა და 59 გვირაბს მოიცავს.
ამჟამად გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები სხვადასხვა ტენდერის შედეგად გამოვლენილი კონტრაქტორის მეშვეობით ხორციელდება, თუმცა სამინისტრო მიიჩნევს, რომ არსებული მოდელი სრულად ვერ პასუხობს თანამედროვე ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს. მთავრობის შეფასებით, სახელმწიფო კომპანიის შექმნა ოპერაციების კოორდინაციას, მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვასა და რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.
"წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას, რომლის შესაბამისად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით.
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა გზების ტექნიკური სირთულე, მათ შორის, მრავალზოლიანი ავტომაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების რაოდენობა, ასევე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა.
აღნიშნული გარემოებები არსებითად ცვლის გზების ექსპლუატაციის ხასიათს და მოითხოვს მართვის უფრო ტექნოლოგიურ, უწყვეტ და პრევენციულ მოდელზე გადასვლას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის E60 გორი-არგვეთა მონაკვეთს, რომლის სიგრძე შეადგენს 105 კილომეტრს და მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს.
აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ძირითად კომპონენტს და თავისი ფუნქციური დატვირთვით წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალს, რომლის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასა და სატრანზიტო პოტენციალს. არსებული მოდელი, რომელიც ეფუძნება მომსახურების მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებას, უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვის პროცესის განხორციელებას, თუმცა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი საინჟინრო გადაწყვეტების პირობებში იკვეთება ოპერაციული პროცესების უფრო კოორდინირებული და ინტეგრირებული მართვის საჭიროება. მიუხედავად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებისა, არსებული მოდელი სრულად ვერ ჰპასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას", - წერია განმარტებით ბარათში.
გეგმით, ახალი კომპანია გზების მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს. საუბარია GPS, GIS და SCADA სისტემების დანერგვაზე, რაც გზების მდგომარეობის რეალურ დროში კონტროლისა და ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას შექმნის.
კომპანიის წლიური ოპერაციული ხარჯები ნავარაუდევია, რომ დაახლოებით 30 მილიონი ლარი იქნება. ამ თანხაში შედის 163 თანამშრომლის სახელფასო ფონდი, რომელიც დაახლოებით 7 მილიონ ლარს შეადგენს, ასევე საწვავის, მასალების, ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ადმინისტრაციული ხარჯები.
მთავრობა ამასთან მიუთითებს, რომ ახალი მოდელი გრძელვადიან პერიოდში ხარჯების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცენტრალიზებული მართვა და პრევენციული მოვლა შეამცირებს რეაბილიტაციის ხარჯებს, ხოლო განხორციელებული კაპიტალური ინვესტიციის ამოღება დაახლოებით 10-წლიან პერიოდში იქნება შესაძლებელი.




























