„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კულტურისა და სპორტის მინისტრს პირველი კითხვა დაუსვა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სპორტსმენებისთვის პრემიების ცვლილების საკითხით დაინტერესდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მან ასევე აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მთავრობას დიდი როლი უკავია და თქვა, რომ რიგ შემთხვევაში სპორტსმენებს სხვა საქმიანობის კეთების საშუალება არ აქვთ, რაც დღის წესრიგში პრემიების ცვლილებების აუცილებლობას აყენებს.
„2012 წლიდან სპორტში სანაკრებო დონეზე ვიყავი ჩართული და ვხედავთ როგორ წინ მივიწევთ და ვითარდება სპორტი. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავრობის მხარდაჭერაა და ძალიან დიდი მადლობა ამ გვერდზე დგომისთვის. ვიტყვი, რომ არამხოლოდ პირად, არამედ ჯგუფური სპორტის სახეობებშიც ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და მინდა, ეს ასე გაგრძელდეს. ჩემი სპორტული გამოცდილებიდან და ჩვენი წარმატებებიდან გამომდინარე, ბევრჯერ მიფიქრია, რომ პიკში ვართ და სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა ახლა სჭირდება. ძალიან მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ის ადამიანები ვიქნებით, ვინც კიდევ უფრო მეტად განავითარებს სპორტს.
ვინაიდან თითოეულ სპორტსმენს მიღწეული წარმატება პრემიების სახით გვიფასდებოდა, აქედან გამომდინარე მაინტერესებს ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილება? აუცილებელიც არის იქიდან გამომდინარე, რომ ზოგი ერთხელ აღწევს წარმატებას და ბევრ სპორტსმენს იმის შესაძლებლობა არ აქვს, პარალელურად სხვა საქმიანობას მიჰყვეს“, - მიმართა მინისტრობის კანდიდატს ლაშა ტალახაძემ.
კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თინათინ რუხაძემ, სპორტსმენისა და დეპუტატის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სულ მალე კულტურისა და სპორტის უწყებები გაიყოფა და შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს სპორტსმენების პრობლემების შესახებ ინფორმაციას უკეთ ფლობს და ცვლილებებიც ალბათ იქნება.