მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხომ ვიცით, ნახევარ პარლამენტს სიძეებსა და სიდედრებზე აქვთ გადაფორმებული საარაკო ქონება?! - იურისტი

ზაზა ბიბილაშვილი

„დარწმუნებული ვარ, [ბაჩიაშვილით ინსპირირებული კანონი] შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მას მხარი დაუჭირა... ჩვენ ხომ ვიცით, ნახევარ პარლამენტს სიძეებსა და სიდედრებზე აქვთ გადაფორმებული საარაკო ქონება“, - ეს განცხადება იურიდიული ფირმა BGI Legal-ის უფროსი პარტნიორმა, იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული იმ საკანონმდებლო პაკეტის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში, თანხის ამოღება სასჯელმისჯილი პირის ახლო ნათესავისგან ან დაკავშირებული პირებისგანაც ხდება შესაძლებელი.

"ბაჩიაშვილით ინსპირირებული" კანონპროექტით, პირები, ვისაც ზიანის ანაზღაურება დაევალათ, სასჯელის მოხდიდან 16 წელი ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ ქვეყანას

„ერთ-ერთი ინსპირატორი ამ თემისა დიახ, შეიძლება ბაჩიაშვილიც იყო, მაგრამ სხვა უამრავი მათ შორის. საერთოდ კანონები ასე იცვლება... ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა მსგავსი ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ასე მარტივად დაუსხლტეს სახელმწიფოს“ - თქვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ადამიანების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ისტორიის არცოდნაა.

„არ ვგულისხმობ შუა საუკუნეების ისტორიის ცოდნას. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, ის კანონი, რომელზედაც ვსაუბრობთ, შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მას მხარს დაუჭერს. ჩვენ ხომ ვიცით, ნახევარ პარლამენტს სიძეებსა და სიდედრებზე აქვთ გადაფორმებული საარაკო ქონება... მოვიდნენ ცალ-ცალი კალოშით და გახდნენ მულტიმილიონერები... გარდა კორუფციული რისკებისა, ეს ხომ განაცხადია, რომ თუ შენ ხარ ამ გუნდის და ამ რეალობის ნაწილი, შენთვის ყველაფერი მოსულა.... მაგრამ თუ დასჭირდა მმართველ პარტიას ან ბიძინა ივანიშვილს, ბაჩიაშვილით ინსპირირებული კანონი გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვისი ხელითაც ძალიან ცუდ საქმეებს აკეთებენ; ასე იყო ბოლშევიკების დროს“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში იურისტმა „ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის პოლიტიკურ შეფასებას უფრო მეტი დრო დაუთმო, ვიდრე სამართლებრივს და ახსნა - რატომაც.

„იურისტებში ფართო კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სამართლებრივი შეფასება ძალიან ფორმალურად ჟღერს და არასერიოზულიც კი არის, რადგან სამართლის მიღმა ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს ამ თუ სხვა კანონებში შესული ან დაგეგმილი ცვლილებები, სასამართლო როგორ განმარტავს სხვადასხვა საკითხს, სხვა ქვეყნებში არის რეგულირებული და ა.შ. მაგრამ საქართველოში სამართალი აღარ არსებობს... სახლობანას თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი - ერთი ბოროტი კაცი დაეპატრონა ამ ქვეყანას 12 წლის წინ და დღემდე თავისი კანონებით მართავს.

ქართულად ისე კარგად არ ითარგმნება, მაგრამ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა საქართველოს ვითარებაზე მოიფიქრეს ასეთი ფრაზა rule by law ანუ „კანონებით მართვა“, ნაცვლად rule of law ანუ სამართლის უზენაესობის.

რას ნიშნავს ეს?! - რაღაც ან ვიღაც არ მოეწონა ივანიშვილს?! - მიაღებინა კანონები... მამუკა მდინარაძემაც თქვა, რომ კანონში ცვლილებები ბაჩიაშვილით არის ინსპირირებულიო და ბოლო პერიოდში ასევე ამბობენ, აქციის მონაწილეები გვასწავლიან რა უნდა შევცვალოთო... ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი ასახავს საზოგადოებრივ დაკვეთას, საზოგადოებრივ კონსენსუსს ანუ იმას, რაც საჭიროა ამა თუ იმ ქვეყნისთვის, მაგრამ კანონები, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტი ბოლო პერიოდში იღებს, არანაირ საზოგადოებრივ დაკვეთას არ ასახავს.

ადრე კანონებში კონკრეტული მუხლი რომ იცვლებოდა, გზავნიდნენ ვენეციის კომისიაში, დებატები იმართებოდა და ა.შ. ახლა კი, ისეთ კანონებს იღებენ, რომელიც ზღუდვას სიტყვის და მედიის თავისუფლებას; ზღუდავს არასამთავრობოების არსებობას და პარტიების აკრძალვაზეც არის საუბარი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

BGI Legal-ის უფროსი პარტნიორისთვის „ბაჩიაშვილით ინსპირირებული“ საკანონმდებლო ცვლილებები იმის დასტურია, რომ როცა საქმე ბიძინა ივანიშვილის ქონებას და ფულს ეხება, ქვეყანაში კანონებს ცვლიან.

„ვიცით, ვინ არის და სად ცხოვრობს გიგა ოთხოზორიას მკვლელი, მაგრამ რას აკეთებს სუსი?! აბსოლუტურად არაფერს, თუმცა ივანიშვილს თავისი ბიტკოინებზე პრობლემა რომ შეექმნა, სუსმა მესამე ქვეყანაში ჩაატარა სპეცოპერაცია...“, ამბობს იურისტი ზაზა ბიბილაშვილი და იქვე დასძენს, რომ ასეთ ქვეყანაში სერიოზული ინვესტორი ფულს არ ჩადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები