საქართველოში 10 ივნისიდან 1 ტონა ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დაწესდა, 10 ოქტომბრიდან კი იმპორტის გადასახადის მოცულობა 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან საიმპორტო ბაჟი დაწესდა ქერსა და ქატოზეც. მიზანი ფქვილის იმპორტის შემცირების ფონზე, ხორბლის იმპორტის გააქტიურება იყო.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ შედეგი გარკვეულწილად მიღწეულია. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 38 მლნ დოლარის ღირებულების 143 433 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება გასული წლისას მხოლოდ 0.5%-ით აღემატება, მოცულობა კი 36.6%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპორტო ბაზარზე ხორბლის ღირებულება შემცირდა.
საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი კი ბოლო რამდენიმე კვირაა შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც მსოფლიოში ხორბლის რეკორდული მოსავლით არის განპირობებული. მოსავალი გაიზარდა, როგორც აშშ-ში, ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, ასევე რუსეთში, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო. სწორედ რუსეთია საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი, რომელზეც 9 თვეში ხორბლის მთლიანი იმპორტის 98.1% მოდის.
იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 37 მლნ 784 ათასი დოლარის ღირებულების 141 768 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც გასული წლის იმპორტს 5.5%-ით, მოცულობით კი 46.7%-ით აღემატება.
რაც შეეხება ფქვილს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში ჯამურად საქართველოში 31 მლნ 306 ათასი დოლარის ღირებულების 113 305 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. ეს კი წლიურად ღირებულებაში 37.5%-ით, მოცულობაში კი 14.3%-ით შემცირებული რიცხვებია.
ფქვილის მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 96% იყო. წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან 30 მლნ 161 ათასი დოლარის ღირებულების 111 495 ტონა ფქვილი შემოვიდა, რაც ღირებულებაში 38.7%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობით 17.3%-ით. რა ეფექტი იქონია მთავრობის გადაწყვეტილებამ და როგორია მოლოდინები ბაზარზე?
სტუმარი: ლევან სილაგავა - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;