მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხორციელდება ზეწოლა" - “კანვას საქართველო” სუს-ის განცხადებას პასუხობს

კანვას საქართველო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებისა და ადგილობრივად რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდების გადამზადებისთვის გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის მოქალაქეების გადამზადებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ პირები, რომელიც 29 სექტემბერს დაიკითხნენ. 

"კანვას საქართველოს” გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია აღნიშნულ შემთხვევებს აფასებს, როგორც ზეწოლას, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

“სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერვალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ – ერთ ორგანიზატორად. 

მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული "კანვასის" წევრები სლობოდან ჯინოვიჩი  და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.

აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები