ბათუმის ნავთობტერმინალში სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რის გამოც ტერმინალმა 3 დეკემბერს საქმიანობა შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს, BMG ორივე უწყებასთან ცდილობს საკითხის დაზუსტებას.
"ბათუმელების" ცნობით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის ტერმინალის ხელმძღვანელი პირები. რა გამოიწვია სამართალდამცავი სტრუქტურების ერთდროული შესვლა და რა მიმდინარეობს ტერმინალში, ამ დრომდე უცნობია.
"ბათუმის პორტი" არის "ბათუმის ნავთობტერმინალის" საკუთრებაში, რომელიც თავის მხრივ 2006 წლიდან მოყოლებული ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის KazTransOil-ის მართვის ქვეშაა. კომპანიას პორტის და ნავთობტერმინალის მართვის 49-წლიანი ლიცენზია ეკუთვნის.
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბათუმის ნავთობტერმინალი არაერთ სამართლებრივ დავაში არის ჩართული, რის გამოც ტერმინალის აქტივები - უძრავი ქონება (295,845 და 44,212 კვადრატულ მეტრზე მეტი) და ნავთობის შესანახი რეზერვუარები სასამართლოს განჩინებებით არის დაყადაღებული. კომპანიას აქვს მრავალწლიანი საგადასახადო დავა შემოსავლების სამსახურთანაც, რის შესახებაც პორტის 2024 წლის ანგარიშგებაში არის აღნიშნული. ამავე ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა სასამართლო დავაში მოთხოვნები კომპანიის მიმართ საერთო ჯამში 28.6 მილიონ დოლარს აღწევდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი $43.4 მილიონს გაუტოლდა და 2023 წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (–0.1%). შემოსავლებში $41.9 მლნ მოდიოდა მომსახურებიდან მიღებულმა ამონაგებმა, ხოლო $1.5 მლნ — საიჯარო შემოსავალმა.
2024 წელს შემოსავლების სტრუქტურა და წლიური ცვლილებები ასეთია:
- ნავთობპროდუქტების გადატვირთვა — $20.2 მლნ, –2.6% (2023: $20.7 მლნ).
- სანავსადგურო მოსაკრებელი და სერვისები — $10.1 მლნ, –6.5% (2023: $10.8 მლნ).
- მშრალი ტვირთების ტერმინალი — $7.7 მლნ, +16.6% (2023: $6.6 მლნ).
- სასაწყობე მომსახურება — $3.5 მლნ, –2.7% (2023: $3.6 მლნ).
- სხვა შემოსავალი — $0.4 მლნ, +74.7% (ბალანსზე მცირე ბაზიდან; 2023: $0.2 მლნ).
- საიჯარო შემოსავალი — $1.5 მლნ, +4.6% (2023: $1.4 მლნ).
ჯგუფმა წელი დახურა $4.93 მლნ წმინდა მოგებით, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე $1.95 მლნ-ით მეტია.
2024 წლის ბოლოს ჯგუფის აქტივები $134.9 მლნ იყო, ხოლო საკუთარი კაპიტალი — $51.9 მლნ.
ბათუმის პორტის ოპერირებას ახორციელებენ „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ნავთობტერმინალი ოპერირებს 132 რეზერვუარით, რომელთა საერთო სასარგებლო ტევადობა 400 ათას ტონას აღემატება. კომპლექსის წლიური გამტარუნარიანობა 12 მილიონ ტონაზე მეტია. ტერმინალში მოქმედებს 6 სარკინიგზო ჩამოსასხმელი ესტაკადა, რომლებიც დღე-ღამეში 700-მდე ვაგონ-ცისტერნის მომსახურებას ახორციელებენ. ერთ-ერთ ესტაკადაზე დანერგილია მრავალდონიანი გათბობის სისტემა მძიმე და ბლანტი ნავთობპროდუქტებისთვის.
კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის პორტს გააჩნია 3 ნავმისადგომი, 11 პორტალური ამწე, საბორნე ხიდი, საკონტეინერო და ნავთობჩამოსასხმელი ინფრასტრუქტურა, ასევე საზღვაო სამგზავრო სადგური.
კომპანიის დირექტორის თანამდებობას ყაზახეთის მოქალაქე ფარხატ ტაშიბაევი იკავებს.




























