მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხშირად ხდება ხოლმე, რომ წინასაარჩევნოდ სოცდაუცველთა რიცხვი იზრდება - ურუშაძე

სანდრო ურუშაძე

ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ მიესალმება თუ მთავრობა სოციალურად დაუცველთა პროგრამას გადახედავს და ის უფრო მიზნობრივი გახდება.

ურუშაძის თქმითვე, წინასაარჩევნოდ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა პოლიტიკური მოტივით იზრდებოდა.

„მოგეხსენებათ, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა 2006 წლიდან მოქმედებს. ამ პროგრამას აქვს თავისი ხარვეზები და ბაზაში ჩართვისას ყოველთვის იყო გარკვეული შეცდომები. ერთია, როდესაც შეცდომა მეთოდოლოგიური ხარვეზითაა განპირობებული — არსებობს ასეთი შეცდომების დასაშვები ზღვარი და მათი გამოსწორება შესაძლებელია; თუმცა, მეორეა, როდესაც პროგრამაში ადამიანების ჩართვა შეგნებულად, სხვა მოტივაციით ხდება. მათ შორის პოლიტიკური მიზეზებით. ხშირად ხდება ხოლმე, რომ წინასაარჩევნოდ პროგრამის მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება და ცხადია, რომ ეს პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციას დაიკავებს დღეს ხელისუფლება, აუცილებელია ამ პროგრამამ ფუნქციონირება გააგრძელოს, რათა ყველაზე ღარიბმა ოჯახებმა და მოქალაქეებმა სათანადო მხარდაჭერა მიიღონ. მივესალმები, თუ გადაიხედება პროგრამის მეთოდოლოგია, რაც მას გაცილებით გამჭვირვალეს გახდის. მაგალითად, ვიცით, რომ ბევრი ოჯახისთვის პროგრამაში მოხვედრის ერთ-ერთ ბარიერს მუდმივი საცხოვრებელი წარმოადგენს.

იმედი მაქვს, პირველ რიგში, სწორედ ამ საკითხებს მიექცევა ყურადღება. ამასთან, მნიშვნელოვანია, სოციალურმა დახმარებამ არ შეამციროს ადამიანების მოტივაცია, რომ იპოვონ სამუშაო და დასაქმდნენ. ჩვენი აზრით, ეს პროგრამა ძირითადად უნდა ეხმარებოდეს მათ, ვისაც დასაქმების ობიექტური შესაძლებლობა არ გააჩნია. ხოლო მათთვის, ვისაც აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, განათლება და უნარი, რომ შემოსავალი საკუთარი შრომით გამოიმუშაოს, საუკეთესო სოციალური დახმარება დასაქმებაში ხელშეწყობა იქნება", - ამბობს ურუშაძე.

გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ ეტაპზე შემწეობას იღებენ ისეთი ადამიანები, ვისაც არ ეკუთვნით და ამიტომ პროგრამა უფრო მიზნობრივი უნდა გახდეს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 2 ათასით კიდეც გაიზარდა და ჯამში დახმარება 710 226 ადამიანმა მიიღო. აქედან 245 995 პირი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა.

სოცდაუცველთა დახმარებაზე ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1.6 მილიარდ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები