მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხშირად უმაღლესდამთავრებულები პროფესიული განათლების მისაღებად, პროფსასწავლებელში მიდიან" - კონსტრუქტ2

პროფესიული

პროფესიული სასწავლებელი "კონსტრუქტ2"-ის დირექტორის, თამარ ზაქარაშვილის შეფასებით, საქართველოს მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე დაინტერესება მზარდია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში პროფესიული კოლეჯების დიდი არჩევანია. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს , მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ.

„პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია. ეს სავარაუდოდ წარმატების ბევრი ისტორიითაა განპირობებული. ნელ-ნელა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უნარების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც დამსაქმებელს კონკრეტული უნარების ადამიანი სჭირდება. შესაბამისად, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც უმაღლეს დამთავრებული ადამიანი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიდის პროფესიული განათლების მისაღებად.

პროფესიული განათლების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს დამსაქმებლებთან. არსებობს სხვადასხვა ტიპის კოლაბორაციის ფორმები, თუმცა რა თქმა უნდა საუკეთესო არის როდესაც დამსაქმებელი არის უშუალოდ სასწავლო პროცესში ჩართული. ჩვენს შემთხვევაში, პროგრამა იმის მიხედვით დგება, თუ რა მოთხოვნები აქვს დამსაქმებელს.

გარდა ამისა, ბიზნესის ჩართულობა წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის. გარდა ამისა, ჩართულობის კუთხით ტურიზმიც გააქტიურებულია. ბევრი მიმართულებაა, სადაც სექტორმა კვალიფიციური კადრების საჭიროება დაინახა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს“, - აცხადებს ზაქარაშვილი.

მისი ცნობით, კოლეჯში მოთხოვნაა შრომის უსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ჩვენთან სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

„ჩვენ გამოვაცხადეთ მიღება კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების პროგრამაზე, რომელიც არის ინტეგრირებული პროგრამა და შესანიშნავი შესაძლებლობაა 9 კლასდამთავრებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ სკოლის ატესტატიც მიიღონ და პროფესიაც შეიძინონ“, - აღნიშნავს კოლეჯის დირექტორი.

როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი განმარტავს, პროფესიული განათლების განვითარებისთვის საჭიროა ის საერთაშორისო განათლებას მიებას. ევროპისკენ მიმავალ გზაზე კი კომპანიებისთვის სერტიფიცირებული ადამიანების კომპანიაში ყოლა იქნება მოთხოვნილი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან, 22 აპრილიდან იწყება და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები