"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მიმდინარე წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებულია, რადგან ერთიანი ძალისხმევით ქვეყანაში ისტორიული მოცულობის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შემოტანა გახდა შესაძლებელი.
აღნიშნულ საკითხზე ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“ ისაუბრა.
„ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცნობილი ჯგუფი, კომპანია „იგლ ჰილსი“ იწყებს პროექტის განხორციელებას ორ ძირითად ლოკაციაზე — ეს არის გონიო და დედაქალაქი, სადაც, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების, მულტიკომპლექსური ადგილი განვითარდება, რომელიც გააერთიანებს განთავსების ობიექტებს, სარესტორნო სივრცეებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ ფართებს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, პროექტის გარშემო არსებული სპეკულაციები უსაფუძვლოა და სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს არც ფინანსური ვალდებულებები და არც ინვესტორისთვის გაცემული გარანტიები.
„ხშირად გვესმის სპეკულაციები ამ პროექტთან დაკავშირებით. საჭიროდ ჩავთვალეთ განმარტება, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი საქმე და არავითარი რისკები მასში არ არსებობს. სახელმწიფოს არ აუღია არანაირი ფინანსური ვალდებულება და არც ფინანსური გარანტია მიუცია ინვესტორისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია უპრეცედენტო ინვესტიციაზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი პროექტების შემთხვევაში სახელმწიფო მხარე მძიმე ვალდებულებებით არის დატვირთული, მაშინ როცა ქართულ პროექტში სახელმწიფო არც ფინანსურ და არც სხვა ტიპის ვალდებულებაში არ შესულა“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო საერთო საწარმოში 33%-იანი წილით იქნება წარმოდგენილი, რაც დამატებითი შესაძლებლობაა ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
„პროექტის დადებითი ეფექტები ძალიან მასშტაბურია. ჯამურად, ქვეყანას დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი ექნება. მშენებლობის დაწყების დღიდან შეიქმნება დაახლოებით 25 000 სამუშაო ადგილი, ხოლო პროექტის ოპერირების ეტაპზე — დაახლოებით 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი გონიოსა და თბილისში. მშენებლობის დაწყების შემდეგ ბიუჯეტი ყოველწლიურად მინიმუმ 500 მილიონ ლარს მიიღებს მხოლოდ გადასახადების სახით, ხოლო პროექტის სრულ კომერციულ ოპერირებაში გაშვების შემდეგ სახელმწიფოს 33%-იანი წილის პროპორციული დივიდენდი წლიურად დაახლოებით 200 მილიონ ლარს შეადგენს“, - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის, კერძოდ, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება. სახელმწიფო პროექტში შედის მხოლოდ მიწით.




























