მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[ხუდონჰესის პროექტზე] დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი" - ირაკლი კობახიძე

ენერგეტიკა

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უარყოფს კონკრეტული ინვესტორის მხრიდან მსხვილი ენერგო პროექტით "ხუდონჰესით" დაინტერესებას და აცხადებს, რომ დღეისთვის ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს პროექტს, რათა ინვესტორებისთვის წინადადებები მოამზადოს, ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ხუდონჰესის მშენებლობით „საინტერესო ინვესტორია“ დაინტერესებული. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“განაცხადა, თუმცა ინვესტორის წარმომავლობა და ვინაობა არ დაუსახელებია. BMG-ის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტით დაინტერესებული ბიზნესჯგუფი საფრანგეთიდანაა.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამ პროექტში სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ეს პროექტი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით უნდა განხორციელდეს.

"დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტით ის იქნება დაკავებული. ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს ამ პროექტს იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს ერთ-ერთი სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება და ეს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალებაა, რაზედაც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი, მათ შორის ენერგეტიკაზე მომუშავე გუნდი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს ფინანსურ თანამონაწილეობას ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხუდონჰესის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, პროექტზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული. 2011 წელს ჰესის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკას” შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა და ინვესტორს ჰესის აშენებისთვის გარანტირებული სიმძლავრის ტარიფიც მიენიჭა, თუმცა “ტრანს ელექტრიკას” პროექტის ფაქტობრივი განხორციელება არ დაუწყია, ხოლო შემდგომში კი 2021 წელს მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება რომ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდებოდა. 2023 წელს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის პარამეტრები შეიცვალა, რაზეც გერმანულმა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიამ იმუშავა და განახლებული პროექტის მხრიდან დასახლებულ თემზე გავლენა მნიშვნელოვნად უფრო მცირე იქნებოდა ვიდრე ამას თავდაპირველი პროექტი გამოიწვევდა. თუმცა მას შემდეგ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები