ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ჰესების მიმართულებით წინ არიან წაწეულები და დაფინანსების წყაროებზე და ინვესტორების რესურსებზე აქტიურად მუშაობენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნამახვანჰესის, ნენსკრაჰესისა და ხუდონჰესის შესახებ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება, თუმცა არ დაუსახელებია თუ რომელი პროექტები რა სახით შეიძლება განხორციელდეს და არსებობს თუ არა ინვესტორთა მზაობა მათში ინვესტირებისთვის.
"ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება. აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები. რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, სად იქნება ჩადებული სახელმწიფო რესურსები, როდესაც ჩვენ შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
8 მარტს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება მინისტრი, რომელიც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნდებს. შეგახსენებთ, რომ პროექტზე საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავა წააგო და მას $400-მილიონამდე კომპენსაციაც დაეკისრა. აღნიშნული ჰესი აშენების შემთხვევაში 433 მეგავატი იქნებოდა. ჰესისთვის საჭირო ინვესტიცია მისი აშენების შემთხვევაში $800 მილიონი დოლარი იყო.
რაც შეეხება ხუდონჰესს, ამ პროექტის მფლობელია ამჟამად საქართველოს მთავრობა, რომელმაც პროექტის ინვესტორისგან "ტრანსელექტრიკასგან" ჰესის მშენებლობა-ოპერირების ლიცენზია 13.5 მილიონ დოლარად გამოისყიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატ საათი უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიცია $1 მილიარდად ფასდება.
რაც შეეხება "ნენსკრაჰესის" პროექტს კორეის სახელმწიფო კომპანია K-water-ი ახორციელებს და ოფიციალურად მისი მშენებლობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის ზაფხულში გახსნა, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, კომპანიის გენერალურმა საინჟინრო კონტრაქტორმა კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა რის გამოც მასთან დავა დაიწყო. “ნენსკრა ჰესის” დადგმული სიმძლავრე - 280 მგვტ. სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1 219 000 000 კვტ.სთ, ხოლო სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია - 1 მილიარდი აშშ დოლარია.




























