მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, ჩემთან ერთად იქნებიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მასთანაც შედგა ეროვნული თანხმობა და ხვალ, მასთან ერთად შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც პროცესის პოლიტიკურ ნაწილს მართავს. პრეზიდენტმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.

"ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეროვნული თანხმობა ყველგან სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს რომ ძლიერდება. საკმარისია ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად, ყოველდღიურად ძლიერდება ეს ეროვნული თანხმობა.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ შეიკრიბება საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და ყველგან სადაც ხართ. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, წარმოვადგენ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით, ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ.

ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. იმიტომ რომ მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ვინც მე უნდა შემცვალოს. მე თქვენთან ვარ და ვიქნები",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები