ხვალ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ. მინისტრები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.
ეკონომიკის მინისტრს კითხვებით დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, “ორბი ბახმაროს“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმართეს.
რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, ის ოპოზიციამ ფემიციდის თემაზე დაიბარა. 19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, თუ რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
მეორე საკითხი, რაზეც გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
მინისტრებს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გენდერულ კვოტებთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე პრეზიდენტის ვეტოზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. კომიტეტის შემდეგ საკითხი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
ბიუროს წევრებმა 18-19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.